შსს–ს მონაცემებით, წელს პირველ რვა თვეში 1.79 მლნ უცხოელი ვიზიტორი დაფიქსირდა


ოფიციალური სტატისტუკური მონაცემები აჩვენებს 2006 წლიდან საქართველოში შემოსულ უცხოელთა ოდენობას და პროცენტულ ცვლილებებს. აღნიშნული წარმოადგენს საზღვრის კვეთის სტატისტიკას და არ შეიცავს ცნობებს ვიზიტების მიზნებზე.  

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ვიზიტები 2011 წლის პირველ რვა თვეში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 42.6%–ით გაიზარდა და 1.79 მილიონს მიაღწია, 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად.

ამ აგვისტოს – თვეში, როცა, როგორც წესი, ყველაზე მეტი უცხოელი სტუმრობს საქართველოს (ბოლო ექვს წელიწადში გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ 2008 წლის აგვისტო იყო) – ვიზიტორთა რაოდენობამ 355 924 შეადგინა, რაც 42.2%–ით მეტია შრაშანდელ აგვისტოსთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის კომპეტენციაში საზღვრის კონტროლიც შედის. 

ამ მონაცემების თანახმად, რომელიც მოიცავს სტატისტიკას 2006 წლიდან მოყოლებული, ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში დიდი წილი სომხეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე მოდის. სომხეთის მოქალაქეებმა 2010 წელს საქართველოში 547 510 შემოსვლით ამ მხრივ წამყვანი პოზიცია დაიკავეს. ამ სამეულს 2011 წლის რვა თვეში 456 282 მონაცემით აზერბაიჯანელი მოქალაქეები ლიდერობენ.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში; შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით მათი რაოდენობა წლევანდელ აგვისტოს თითქმის გაორმაგდა და 44 854 შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების მაცხოვრებლებს, აგვისტოში ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში მათი შემოსვლის ოდენობამ 4 850 შეადგინა და მათ შორის 84% ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი იყო.

2010 წლის ოქტომბერში საქართველომ  90–დღიანი უვიზო რეჟიმი დაუწესა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს; რუსეთის დანარჩენი მოქალაქეები კი კვლავაც სარგებლობენ  ვიზების საქართველოს აეროპორტებში აღების უფლებით. 2011 წლის ივლისიდან რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ჩრიდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მკვიდრნი, ასევე შეუძლიათ ვიზები ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გადმოკვეთისას აიღონ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ვიზიტების ტენდენციაც მზარდია – 2006 წელს 80 734, ხოლო 2010 წელს 110 264; 2011 წლის რვა თვის მონაცემებით ეს რიცხვი 91 296 შეადგენს.

2010 წელს ირანის მოქალაქეების მიერ 21 259 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა. ეს მონაცემი 2011 წლის პირველ რვა თვეში 37 287–მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოსა და ირანს შორის 45–დღიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version