ქართული ეკლესია: შეჩერდეს ზოგიერთი რელიგიის სამართლებრივ სტატუსზე კანონის მიღების პროცედურა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა პარლამენტს შეაჩეროს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლებიც საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების ხუთ ჯგუფს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.

4 ივლისს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ილია მეორემ განაცხადა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება მხოლოდ საჯარო დებატების და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან "კონსენსუსის“ მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.

მოქმედი კანონმდებლობით, რელიგიური ჯგუფები, გარდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომლის განსაკუთრებული როლიც აღიარებულია სახელმწიფოსთან 2002 წელს დადებული კონკორდატით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ.

თუმცა, რეგისტრაციის ამგვარი ფორმა უკვე დიდი ხანია რელიგიური უმცირესობების უკმაყოფილებას იწევს. მათი განცხადებით, რეგისტრაციის ეს ფორმა მათ ოფიციალურ რელიგიებად აღიარების პრივილეგიას ართმევს.

1 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას, მუსლიმანთა თემს და იუდეველთა თემს ექნებათ უფლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ.   

ინიციატივის თანახმად, ეს ხუთი რელიგიური ჯგუფი იმიტომ შეირჩა, რომ მათ „მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან“.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორეს ვიზიტიდან, დაახლოებით, ორ კვირაში წარადგინეს. სომხეთის კათოლიკოსმა ქართულ მხარესთან საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი და საქართველოში მდებარე რამდენიმე ეკლესიის საკუთრებაზე დავის საკითხი განიხილა.

სომხური ეკლესიის განცხადებით, გარეგინ მეორესა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 10 ივნისს გამართული შეხვედრის დროს, სააკაშვილი დათანხმდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის  საქართველოში რეგისტრაციაზე; თუმცა, ამ საკითხზე საქართველოს და სომხეთის ეკლესიების წინამძღოლებს შორის რაიმე შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული. ილია მეორემ მაშინ განაცხადა, რომ სომხეთში ქართული ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი იმის ანალოგიური უნდა იყოს, რაც სომხეთის ეკლესიას გააჩნია საქართველოში. ვიზიტის შემდეგ ილია მეორემ განაცხადა, რომ გარეგინ მეორე ჭკვიანი, მაგრამ ახალგაზრდაა, რომელსაც „მეტი გამოცდილება სჭირდება“ და „ყველაფერი სასწრაფოდ უნდა“. სომხურმა ეკლესიამ უპასუხა, რომ ის პატივს სცემს ილია მეორეს, თუმცა მისი განცხადება შეაფასა, როგორც „ეთიკური თვალსაზრისით შეუფერებელი“.

„[საქართველოს მართლმადიდებლური] ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული“, – ნათქვამია ილია მეორეს წერილობით განცხადებაში.

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა–პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა [საზღვარგარეთ]“, – ნათქვამია განცხადებაში, „ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით“.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია“, – განაცხადა ილია მეორემ. 

1 ივლისს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს, დეპუტატებმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ასევე მოუწოდეს მმართველ პარტიას არ იჩქარონ კანონპროექტის მიღება.

„ვფიქრობ, ასეთი საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტილებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მივმართოთ ეკლესიას და გავიგოთ, რამდენადაა დაცული ჩვენი ეკლესიის სტატუსი მეზობელ ქვეყნებში“, – განაცხადა დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version