აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი თბილისს სტუმრობს

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი, რომელიც 7 მაისს საქართველოს სტუმრობდა, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს შეხვდა.

თბილისში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მულერი თავის ქართველ ”კოლეგებს თანამშრომლობის საკითხების” განხილვის მიზნით შეხვდა.

”საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა,” – განაცხადა შსს-ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

ვიზიტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

”მათ კარგად იციან, რომ ოკუპირებული რეგიონები დღეისათვის არის ე.წ შავი ხვრელები კრიმინალისთვის. ამ ტერიტორიებიდან მოედინება იარაღი, ნარკოტიკები, არის გადაზიდვის გარკვეული ცენტრებიც და როგორც არაერთხელ იქნა დადასტურებული ფაქტობრივად, ბირთვული შეიარაღების რაღაც ელემენტებიც. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ დალაგებულ რეგიონში. საკმაოდ პრობლემატური რეგიონია ჩრდილოეთ კავკასიის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით და გასაგებია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სპეციალური ინტერესი,” – განუცხადა თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ”რუსთავი 2”-ს 7 მაისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version