ცხინვალმა სამი ქართველი გაათავისუფლა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის შუამავლობის შედეგად ცხინვალმა ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლა.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ცხინვალში მოლაპარაკებები კვირას გამართა. 

გათავისუფლებული ქართველები სოფელ ლამისყანიდან არიან და ისინი, სამ თანასოფლელთან ერთად, შარშან დააკავეს.

სოფელ ერგნეთში თომას ჰამარბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ”კვლავ დაიწყო” დაკავებულთა გათავისუფლების პროცესი.

როგორც ”კეთილი ნების გამოხატულება,” ქართულმა მხარემ 30 მარტს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი და რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ყველა ეს ადამიანი ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერსა და 2010 წლის იანვარს შორის პერიოდში დააკავეს. შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისმა აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული ყველა ოსი ეროვნების პირი გაათავისუფლა. თუმცა, ცხინვალი მოითხოვს იმ ეთნიკური ოსების გათავისუფლებასაც, რომლებიც ქართულმა მხარემ აგვისტოს ომამდე დააპატიმრა და სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებით გაასამართლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version