საგარეო უწყება: რუსეთს სურს დაძაბულობის გამწვავება ”ადამიანთა გატაცებებით”

სოფელ პერევში საქართველოს მოქალაქის დაკავება არის ”რუსეთის საოკუპაციო ჯარების მორიგი მიზანმიმართული პროვოკაცია”, რომლის მთავარი ამოცანაა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და ამყოფოს ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

”მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი მცდელობისა, მათ შორის საქართველოში ამჟამად ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის ძალისხმევისა აიძულოს რუსეთი პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, რუსი ოკუპანტები დღემდე აგრძელებენ მათ მიერვე დამკვიდრებულ ადამიანთა გატაცების ბინძურ პრაქტიკას. შეგახსენებთ, რომ რუს ოკუპანტებს დღემდე ტყვეობაში ჰყავთ საქართველოს ოთხი არასრულწლოვანი მოქალაქე,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის ქმედებათა გამო, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევას. საქართველოს მხარე დაჟინებით მოითხოვს გატაცებული საქართველოს მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, აგრეთვე რუსეთის მხრიდან ამ და სხვა მადესტაბილიზებელი და პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტას,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version