თბილისი დიალოგზე თავად აგზავნის ”სიგნალებს” – რუსეთის საგარეო უწყების წყარო

რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის თაობაზე ”სიგნალები” არ გაუგზავნია, ამას თავად თბილისი აკეთებს მოსკოვის მისამართით, იუწყება ”რია ნოვოსტი” 19 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით.

გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა 16 ოქტომბერს, რომ მოდის ”სიგნალები”, რომ რუსეთს  საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება სურს, თუმცა ეს შეუძლებელია არსებულ პირობებში, როდესაც მოსკოვს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა მოსკოვს იმისთვის სჭირდება, რომ ”მეორე დღეს გაიქცნენ ბრიუსელში ან ვაშინგტონში და მოახსენონ მარტივი რამ: ”ჩვენ ქართველებთან უკვე გვაქვს პირდაპირი დიალოგი და ჩვენთვის ეს პრობლემა მოხსნილია”.

”სინამდვილეში, ”სიგნალები” იყო, მაგრამ არა ჩვენგან, არამედ ბატონი ვაშაძისგან, ის ამას გადმოგვცემდა პატივცემული დასავლეთ ევროპელი ჩინოსნების პირით,”- აცხადებს რუსული წყარო, ”როგორც ჩანს, ვაშაძის ხელმძღვანელობას მიუვიდა ხმები მის მცდელობაზე მოსკოვისთვის სიგნალების გაგზავნასთან დაკავშირებით და ახლა ის თავის გამართლებას გაფაციცებით ცდილობს აცხადებს რა, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება ”სამშობლოს ღალატი” იქნებოდა… ალბათ თავის კარიერა აღელვებს და ამიტომაც აყენებს ყველაფერს თავდაყირა”.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შარშანდელი აგვისტოს ომის და სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ერთადერთი ფორმატი, სადაც მხარეები ოფიციალურად ურთიერთობენ, უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version