საქართველო მზადაა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ საქართველომ მოამზადა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ყველა წინადადება და დოკუმენტი.

”საკმაოდ დიდი სამუშაო გაიწია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე პრემიერ-მინისტრის ოფისშიც. გამზადებულია აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ამ მოლაპარაკების დასაწყებად,” – განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე.

”ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკებები იქნას დაწყებული,” – დასძინა მან.

ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის და საქართველოს წარმომადგენლები ამ საკითხს 23 სექტემბერს ბრიუსელში განიხილავენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version