აშშ საქართველოს მოუწოდებს 2013 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ითანამშრომლონ დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად, რათა მოამზადონ ”საქართველო მის ისტორიაში პირველად ვადის ამოწურვის შემდგომ ძალაუფების არჩევნების გზით გადაცემისთვის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტში გამართული მოსმენების დროს, რომლის თემაც იყო საქართველო აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, გორდონმა განაცხადა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა აპრილის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე გამოავლინა ”რამოდენიმე სფეროში საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება”.

ამ სფეროებს შორის მან დაასახელა მედიის დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესების გზით, პოლიტიკური პლურალიზმის გაფართოება და უფრო ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების და საარჩევნო სისტემების გაძლიერება.    

”ახლოვდება რა აგვისტოს ომის წლისთავი, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ სამუშაოთი, რომელიც აშშ-მა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გააკეთეს ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ უნდა გავაგძელოთ ეს მხარდაჟერა, მაგრამ ამავე დროს უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ საქართველოს გახდეს დემოკრატიის და წარმატების ნიმუში მთელს რეგიონში,” – განაცხადა გორდონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version