რუსეთის მიზანია საქართველოს ხელისუფლების დამხობა – ბეჟუაშვილი

დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიზანია საქართველოს ხელისუფლების დამხობა და ყველა რესურსის მობილიზებას ახდენს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების გამოყენებით.

ეს განცხადება 19 ივნისს ბეჟუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასასრულს გააკეთა, რომლის პირველ ნაწილში მან დახურულ კარს მიღმა ისაუბრა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ანალოგიური განცხადებები ბეჟუაშვილმა ამავე ფორმატში სამი თვის წინაც გააკეთა.

”რუსეთი დაინტერესებულია შიდა დესტაბილიზაციაში,”- განუცხადა მან დღეს დეპუტატებს, ”რუსეთს გააჩნია ყველა რესურსი და ის იყენებს ყველა რესურსს, მათ შორის ძალიან აქტიურად მუშაობს ქართულ დიასპორასთან რუსეთში, იყენებს რესურსად ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაადგილდა საქართველოდან წინა წლებში”.

”მიზანი ამ რესურსების მობილიზაციის არის საქართველოში კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა,”- განაგრძო მან, ”და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს იდეას ნებისმიერი დესტაბილიზაციის და არეულობის, მათ შორის ე.წ. იდეას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საქართველოში მხარდაჭერით გზით, რაც ღიად დააფიქსირა რუსეთის ხელისუფლებამ და მაღალმა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ ისინი დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოსულ ხელისუფლებასთან ისინი მოაგვარებენ ყველა პრობლემას”.

მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის არაერთი განცხადება, რომ ის არ აპირებს ”სააკაშვილის რეჟიმთან” რაიმე ურთიერთობას.

მან ასევე ისაუბრა საქართველო პოლიტიკურ ძალებთან ამ პროპაგანდის კავშირებზე, თუმცა მსგავსად სამი თვის წინანდელი განცხადებებისა, მან ისევ არ დააკონკრეტა რომელ ძალებს გულისხმობს.

”ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ასეთი კავშირების, ამ კავშირებზე მიდის აგება მთლიანად ამ პროპაგანდის, ამიტომ ჩემი მოწოდება დღეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ბრძენი,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ  გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ რუსეთი გათვლას აკეთებს და წინა პლანზე წამოწია ”გამოკვეთილად საძაგელი ფიგურები”, როგორებიც არიან ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები – ყოფილი შსს მინისტრი კახა თარგამაძე და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე.

მისი შეფასებით, მამალაძე, რომელიც თავს რუსეთს აფარებს და იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ, შევარდნაძის პერიოდის ”ფეოდალია”, რომელმაც ”მოახდინა თავის დროზე თავისი ქვემდებარე გუბერნიის ქვემო ქართლის ოკუპაცია და დანარჩენი საქართველოდან შემოფარგვლა”.

”მეორე ფიგურა, არანაკლებ მასშტაბური და არანაკლებ ამაზრზენი, ეს არის კახა თარგამაძე, რომელიც დღეს წამოიწია უკვე და წამოიწევს შემდგომში წინა პლანზე,”- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ბევრს დაავიწყდა ის, რომ კახა თარგამაძე აკონტროლებდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, ხელოვნურად შექმნა ”პანკისის ანკლავი” და ”იარაღით ვაჭრობაში იყო ჩართული კანონიერ ქურდ კალაშოვთან ერთად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version