აშშ გმობს ”პარლამენტარებზე განხორციელებულ თავდასხმებს”

”ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ პარლამენტის წევრებსა და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეზე 12 ივნისს განხორციელებულ თავდასხმას,” – ნათქვამია აშშ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ამერიკის შეერთებული შტატები წუხს, რომ საპროტესტო აქციის ზოგიერთმა ლიდერმა ადამიანებსა და მათ ქონებაზე მიტანილ იერიშს მხარი დაუჭირა. ამგვარი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საპროტესტო აქციის ლიდერთა ადრინდელ განცხადებებთან, რომელშიც გამოხატული იყო მოწოდება არაძალადობრივი მოქმედებისაკენ. ხსენებულმა თავდასხმებმა ხელი შეუშალა ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის არის გავლებული. ვთხოვთ ყველას, ვინც მხარს უჭერს ფართო პოლიტიკურ დიალოგსა და პასუხისმგებლიან მმართველობას, დაგმოს ზემოხსენებული ქმედებები. დაჟინებით ვთხოვთ საპროტესტო აქციის ლიდერებს, შეწყვიტონ თავდასხმები. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს მთავრობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, დაუყოვნებლივ განაახლონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები და დიალოგი,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version