მთავრობა მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

საქართველოში მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება არ იგეგმება, აცხადებს ფინანსთა სამინისტრო ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ცნობების საპასუხოდ.

თებერვალში კახა ბენდუქიძემ პირველ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ქვეყანამ რადიკალურ ზომებს უნდა მიმართოს და ერთ-ერთ ასეთ გზად ლართან ერთად მიმოქცევაში დოლარისა და ევროს შემოღება პირველმა დაასახელა. ბენდუქიძემ ეს განცხადება კერძო პირის სტატუსით გააკეთა. ის მთავრობაში თებერვლიდან ოფიციალურად აღარ მუშაობს.

იმავდროულად ჟურნალ ”ლიბერალთან” ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი ნონა ყარალაშვილი საუბრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ გზად განიხილავს რეფორმას, რომელიც ინვესტორებს მისცემს უფლებას სასურველ ვალუტაში დააბანდონ ფული საქართველოში და ამით თავიდან აიცილონ ფულის დაკარგვის რისკები კურსის ცვალებადობის შემთხვევაში.

”ლარი დარჩება მიმოქცევაში, ის გადაიქცევა მეორად ვალუტად და დროთა განმავლობაში შესაძლებელია საერთოდ ამოღებულიც იქნას მიმოქცევიდან,”- აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და აქვე დასძენს, რომ ამ საკითხზე, რაც მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევაცაა,  მთავრობაში კამათი მიმდინარეობს და ერთიანი ხედვა ჯერ არ არსებობს. 

თუმცა ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში უარყოფს მულტისავალუტო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც საექსპერტო წრეებში და ოპოზიციურ პარტიებში ნეგატიური შეფასებები მოჰყვა ამ იდეას. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩვენი თანამოქალაქეებისა და ინვესტორების საყურადღებოდ, საქართველოს მთავრობის სახელით უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მსგავსი სახის ინიციატივა და რეფორმა საქართველოს მთავრობაში არ განიხილება და ამ კუთხით ჩვენს ეროვნულ ვალუტას – ლარს, როგორც გადახდის ერთადერთ კანონიერ და საიმედო საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანა მომავალშიც განაგრძობს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებას ეროვნულ ვალუტაში,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version