ოპოზიციამ თბილისის ორივე სანაპირო ქუჩა დროებით გადაკეტა

ოპოზიციის აქტივისტებმა გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი 40 წუთის მანძილზე შსს-ის ახალ ადმინისტრაციულ შენობასთან 19 მაისს. ფოტო: ინტერპრესნიუსი.


ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა თბილისის ორი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მანქანების ”უკანონო ჩამორთმევის” წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს, მათ შორის დავით გამყრელიძეს და მოქალაქეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოქალაქეები ოპოზიციის მიერ გზებზე პრობლემების შექმნას აპროტესტებდნენ.

20 მაისს ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ ათობით მხარდამჭერს და აქტივისტს მანქანები ჩამოართვა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი ორი მანქანა ასევე ჩამორთმეულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ამ ქმედების უკან რაიმე პოლიტიკური მოტივი დგას და განაცხადა იმავე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ მანქანების მფლობელები დააჯარიმეს, რადგანაც ისინი მონაწილეობდნენ 19 მაისს თბილისის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის გადაკეტვაში. 

”მათ მოახდინეს აეროპორტისკენ მიმავალი სამანქანო გზის ბლოკირება და ხელი შეუშალეს მოქალაქეებს თავისუფალ გადაადგილებაში, რითაც დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლების მოთხოვნა,” – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ოპოზიციის აქტივისტებმა შსს-ის ახლადაშენებული შენობის წინ აქცია გამართეს და დაახლოებით 40 წუთით გადაკეტეს თბილისის აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი მაგისტრალი.

ამჟამად მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრაობა გახსნილია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version