თურქული მედიის ცნობით, სააკაშვილი თურქულ კურორტზე იმყოფება

პრეზიდენტი სააკაშვილი 25 აპრილს თურქეთის ზღვისპირა კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, იტყობინება The Journal of Turkish Weekly და Dogan News Agency (DHA) .

თუმცა, დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და განუცხადა Civil.Ge-ს, რომ პრეზიდენტი სოფიაში იმყოფება, სადაც ენერგო სამიტს დაესწრო და 26 აპრილს თბილისში დაბრუნდება. პრეზიდენტის პრესსამსახურისგან რაიმე ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. ენერგო სამიტი ბულგარეთის დედაქალაქში 24-25 აპრილს გაიმართა.  

თავდაპირველად ინფორმაცია თურქული მედიის ცნობების შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ გადაცემა საკან#5-ში 26 აპრილს შუაღამეს გააჟღერა. მასთან გადაცემაში ასევე დარეკა მაყურებელმა და ურჩია გაჩეჩილაძეს დაერეკა სასტუმრო ”მარმარაში”, სადაც Dogan News Agency (DHA) ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო გაჩერებული. 

ამის შემდეგ გაჩეჩილაძემ დარეკა, როგორც თავად აღნიშნა, ამ სასტუმროში და ითხოვა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირება. ”ახლა ღამის 2:30 საათია, მგონი მას სძინავს… ხვალ დილით დარეკეთ,”- უპასუხა ქალის ხმამ მას ტელეფონზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version