დემონსტრაციის ადგილი ”დაარბიეს”

დემონსტრაციების პრეს-ცენტრში დაზიანებული აპარატურა. ფოტო: Civil.Ge

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს რომ 11 აპრილს, 23:00 სთ-ზე ათეულობით ადამიანმა ”დაარბია” პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო აქციის სცენა და პრესსამსახური და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამოდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს.

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, რომელიც ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა, თავდასხმა 50-მდე ადამიანმა განახორციელა.

ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელებს სამოქალაქო ტანისამოსი ეცვათ და ხელკეტები ეკავათ; ზოგიერთმა კი თქვა რომ თავდამსხმელებს თბილისის დასუფთავების სამსახურის ფორმები ემოსათ.  პრეს-ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც  სცენის გვერდით განთავსებულ კარავშია მოწყობილი, ინციდენტის შედეგად დაზიანდა. იქ მომუშავე ერთმა პიროვნებამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მათთან შევიდნენ დასუფთავების სამსახურის ფორმებში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებმაც კომპიუტერების დამტვრევა დაიწყეს. მისი თქმით, სამი კომპიუტერი, ერთი ლეპტოპი და ერთი ტელევიზორი, თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და ზოგიც თან წაიღეს. ხმის გამაძლიერებლებზე და აუდიო სისტემებზე მომუშავე პირმა განაცხადა, რომ გარკვეული დაზიანებები სცენაზე განთავსებულ აუდიო სისტემაზეც შეინიშნებოდა.

რუსთაველის გამზირზე, კერძოდ პარლამენტის წინ განთავსებულია პოლიციის კამერები, რომლის ჩანაწერის გამოქვეყნება ოპოზიციამ უკვე მოითხოვა.

ეკა ზღულაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს სწავლობს ამ ჩანაწერებს და ეს მასალა ხელმისაწვდომი გახდება.

შსს-მ მომხართან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტი მომიტინგეებსა და თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის მოხდა. დასუფთავების სამსახური მერიის დაქვემდებარებაშია.

”11 აპრილს, დაახლოებით 23:00-ზე, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები პარლამენტის წინ დემონსტრაციის ადგილის დასასუფთავებლად მივიდნენ. დემონსტრაციის ორგანიზატორებმა თავად მოითხოვეს დამლაგებელთა ჯგუფის გაგზავნა და საკითხი ქალაქის მუნიციპალიტეტს შეუთანხმეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

”როდესაც დამლაგებელთა ჯგუფი ადგილზე მივიდა, მათ მოქალაქეებმა, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზიანებულ იქნა კომპიუტერები და ხმის აპარატურა. არავის მიუღია სერიოზული დაზიანება. აღნიშნულ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ არც პოლიციის, არც თბილისის მერიის და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლები.”

”ხელისუფლება ხელს არ შეუშლის დემონსტრაციის გაგრძელებას და დაიცავს პროტესტში მონაწილე ადამიანების უფლებებს, მათ შორის მათ მიერ აზრის გამოხატვის თავისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევე თავშეკავებული იქნება თავის მოქმედებებში, როგორც მშვიდობიანი დემოსტრაციების პირველი სამი დღის მანძილზე,” – აცხადებს შსს.

იმ დროს როდესაც ინციდენტი მოხდა საპროტესტო აქცია უკვე დაშლილი იყო და აპარატურისთვის ყურადღების მისაქცევად იქ ოპოზიციონერი აქტივისტების მხოლოდ ჯგუფი იმყოფებოდა.

ოპოზიციამ 11 აპრილს გამოაცხადა რომ კვირას, ბზობასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა და დემონსტრაციების ”ახალი ტალღა” ორშაბათიდან დაიწყებოდა. რუსთაველის გამზირიც გაიხსნა. თუმცა ინციდენტის შემდეგ რუსთაველის გამზირი ოპოზიციის მიერ კვლავაც გადაიკეტა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version