მედვედევი: ”სააკაშვილთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს”

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც გასულ სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს ”პოლიტიკური გვამი” უწოდა და მოგვინებით გაკეთებულ განცხადებაში მოიხსენია როგორც ”რიგი პათოლოგიებით დამძიმებული ადამიანი”, 2 აპრილს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან გამართავს დიალოგს.

”ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები საქართველოსთან; ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ ქართველ ხალხს,” – განაცხადა მედვედევმა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გამოსვლისას; თუმცა, მან ასევე დასძინა: ”არ მინდა რაიმე ურთიერთობები პრეზიდენტ სააკაშვილთან და არ მინდა მასთან საქმის ქონა”.

”თუ დემოკრატიული პროცესების შედეგად საქართველოში ადრე თუ გვიან ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი,” – განაცხადა მედვედევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, იგი შეხვდა სააკაშვილს და უთხრა: ”მზად ვართ დაგეხმაროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ის სწორედ უნდა მოქცეულიყო”.

21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ბრიუსელში, რომ იგი იმედოვნებს, რომ ”საქართველოს ეყოლება ლიდერები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებენ”.

ამის საპასუხოდ, მისმა ქართველმა კოლეგამ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მოსკოვს მოუწევს მასთან შეგუება 2013 წლამდე.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა 2 აპრილს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს სოხუმის და ცხინვალის წინააღმდეგ რევანშიზმი ამოძრავებს და აშშ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გააფრთხილა.

ნესტერენკომ ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მან 30 მარტს თბილისში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან გენერალ კართრაითთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. სააკაშვილმა განაცხადა: ”იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რისკი არის მაღალი და პროვოკაციები გრძელდება, იმ პირობებში, როდესაც მთლიანად რეგიონში შეიქმნა რთული ვითარება, ნურავის ნუ ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ გააგრძელებს თანამედროვე მაღალი დონის, ბევრად უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, შეიარაღების, ჯარისკაცებისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდას და რაც მთავარია, მომზადების დონის ამაღლებას, რათა ჩვენი ქვეყანა ბევრად ეფექტიანად დავიცვათ”.

ნესტერენკოს თქმით, ამგვარმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ საქართველომ ვერ ისწავლა გაკვეთილი გასული წლის მოვლენებიდან და შესაძლოა რევანშისტულ გეგმებსაც ამზადებს.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღდგენაში უცხოური დახმარება არ შეიძლება სხვანაირად იქნას აღქმული, თუ არა ”აგრესორის წახალისება”.

”ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და სხვები, რომლებიც საკუთარ თავს პასუხისმგებელ საერთაშორისო მოთამაშეებად მიიჩნევენ, გაითვალისწინებენ ამას თავიანთ პოლიტიკაში,” – განაცხადა მან, ”იმ ტრაგიკულმა გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, უდავოდ გვიჩვენა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის იარაღის მიცემა ძალიან სახიფათოა მეზობელი ერებისთვის, მთლიანი რეგიონისთვის და თავად საქართველოსთვის”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version