სააკაშვილი მიესალმა თურქეთთან კავშირებს

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიიპ ერდოგანის წვლილს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების საქმეში და მას ”ძმა” უწოდა.

”ბოლო წლებში ბევრ რამეს მივაღწიეთ [ორმხრივ ურთიერთობებში]; ჩვენ გვაქვს ერთობლივი აეროპორტი [ბათუმში], თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალი [უვიზო] მიმოსვლა საზღვარზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება სარფში თურქეთსა და საქართველოს შორის განახლებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა; ღონისძიებას ასევე ეწსრებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი.  საბაჟოზე დღეს მიმოსვლის სამი ხაზი ამოქმედდება – ფეხით მოსიარულეებისთვის, მსუბუქი ავტომობილებისა და ტრაილერებისთვის.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია, რომ ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ”განსაკუთრებული” იყოს და ერთობლივი თურქულ-ქართული ადმინისტრირების ინიციატივით გამოვიდა, რაც 70%-ით შეამცირებს პროცედურებს საზღვრის გადაკვეთის დროს. მისი თქმით, ერთობლივი ადმინისტრირება  ხელს შეუწყობს საზღვრის გადაკვეთის და განბაჟების ორმაგი პროცედურების მოხსნას, რასაც ამჟამად გადიან მგზავრები საზღვრის ორივე მხარეს.

”ეს უნდა იყოს საზღვარი ისეთი, რომელსაც ადამიანი ვერ შეამჩნევს”, განაცხადა სააკაშვილმა, ”ისევე როგორც არის საფრანგეთს და შვეიცარიას შორის… ისე როგორც არ არის არცერთ ქვეყანას შორის რეგიონში… თუმცა ჩვენ გვინდა ასეთივე საზღვარი გვქონდეს და ვაწამოებთ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან და სომხეთთან იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს რეგიონი, სადაც საზღვრები კი არ აცალკევებს ადამიანს, არამედ აახლოვებს”.   

პრემიერ-მინისტრი ერდოგანი მიესალმა ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ ”საზღვარი არ უნდა იყოს დაბრკოლება”. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა ბოლო წლების მანძილზე სავაჭრო ბრუნვის ოთხჯერადი ზრდით.

საქართველოს და თურქეთს შორის ვაჭრობამ შარშან 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით,  2007 წელთან შედარებით 33.7%-ით მეტია. თურქეთთან ვაჭრობამ უცხოური სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის 15.9% დაიკავა – ეს მონაცემი 1.9%-ით გაიზარდა 2007 წელთან შედარებით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version