სხეფერი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე საუბრობს

საქართველოს და ნატოს თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს საქართველოს 2009 წლის თავდაცვის პრიორიტეტები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გადახედვასთან დაკავშირებით; ნატოს მხრიდან დახმარება და ზოგადად ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, განაცხადა  ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 20 თებერვალს.

შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაიმართა კრაკოვში, ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში.

პრესკონფერენციაზე საუბრისას სხეფერმა აღნიშნა, რომ ნატო არ ახორციელებს დახმარებას ”იარაღით, არამედ ეს ხდება მხარდაჭერით დაგეგმვაში, ასევე საჰაერო სივრცის მართვაში და სხვა სფეროებში”.

მან განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ შეხვედრაზე საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები დააყენა, მათ შორის რუსეთის გადაწყვეტილების კონტექტსში ააშენოს სამხედრო ბაზები სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

სხეფერმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ”კატეგორიულად არ ეთანხმებიან” იმას, რომ რუსეთმა პოზიცია არ შეიცვალა, მათ შორის ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების და იქ ბაზების აშენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მან ეს საკითხი რუსეთის ვიცე-პრემიერთან სერგეი ივანოვთან მიუნჰენში თვის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე დააყენა.

”სრულიად ნათელია, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთს ამაში; ჩვენ ამას ფუნდამენტალურად არ ვეთანხმებით,” – განაცხადა სხეფერმა.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს უთანხმოება არ ნიშნავს, რომ ნატო შეწყვეტს რუსეთთან ურთიერთობებს.

”ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნატო-რუსეთის საბჭო – და ამ მომენტისთვის ჩვენ ამას არაფორმალურ საფუძველზე ვაკეთებთ – რათა განვიხილოთ სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ფუნდამენტალური უთანხმოება გვაქვს. ადვილი არ იქნება შეთანხმების მიღწევა… მაგრამ, მოდით, განვიხილოთ ეს და ვფიქრობ, რომ ეს საბოლოოდ საქართველოს ინტერესებშიც შევა,” – განაცხადა მან.

სხეფერმა განაცხადა, რომ ორი კვირის წინ მიუნჰენში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა მას, რომ საქართველო განიხილავს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას. ”მე ვიცი, რომ ასეთი განზრახვა  არსებობს და ეს ძალიან დადებითი სიგნალია,” – დასძინა სხეფერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისმა გადაწყვიტა ერთი ასეული გააგზავნოს ავღანეთში ნატოს ძალების დასახმარებლად. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version