მთავრობამ ათ სადაზღვევო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

დღეს საქართველოს მთავრობასა და ათ სადაზღვევო კომპანიას შორის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი დაზღვევის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა.

პროგრამა ითვალისწინებს 3-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქის დაზღვევას 5 ლარის ოდენობით, საიდანაც ყოველთვიურად 3.35 ლარს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო მოქალაქეს 1.65 ლარის გადახდა მოუწევს. 

მთავრობის მხრიდან მემორანდუმს ხელი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმს ათი სადაზღვევო კომპანია შეუერთდა: ალდაგი BCI, GPI-ჰოლდინგი, იმედი-L, ირაო, ტაო, ვესტი, აი სი ჯგუფი, პარტნიორი, არქიმედე გლობალ ჯორჯია, სახალხო დაზღვევა.

მემორანდუმის თანახმად, დაზღვევის მსურველებს 1 მარტიდან – 30 ივნისამდე შეეძლებათ სადაზღვევო კომპანიებში მიიღონ 5-ლარიანი დაზღვევის პაკეტი მას შემდეგ, რაც 19.80 ლარს – დაზღვევის წლიურ ღირებულებას გადაიხდიან წინასწარ.

5-ლარიან დაზღვევა აანაზღაურებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას – 2 ათასი ლარის ლიმიტით წელიწადში, უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების მკურნალობას – 5 ათასი ლარის ფარგლებში წელიწადში და ასევე ურგენტულ-ამბოლატორიული ჯანდაცვის მომსახურების ხარჯებს.

წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტს ეს პროგრამა, დაახლოებით, 15 მლნ ლარი დაუჯდება, თუმცა საბიუჯეტო სახსრების ზუსტი ოდენობა დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა მინიმალური თანხის გადახდის შემთხვევაში დაეზღვიოს,”- განაცხადა ნიკა გილაურმა.

დასაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, რომელთაც მემორანდუმის გაფორმებამდე პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყანაში სადაზღვევო მომსახურების პოპულარიზაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version