სააკაშვილი სადაზღვევო კომპანიებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა დასაზღვევო კომპანიებს მოსახლეობის ”მოტყუების” გარეშე განახორციელონ დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რასაც ის პირადად გააკონტროლებს.

სააკაშვილმა ახალი სადაზღვევო ინიციატივა 12 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა. ამ ინიციატივის თანახმად, მოქალაქეებს შეეძლებათ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება მიიღონ 5-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის პირობებში, საიდანაც დაზღვეულებს თვეში 1.65 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო დარჩენილ თანხას  – 3.35 ლარს  – სახელმწიფო დაფარავს. მას ამ სადაზღვევო პაკეტის პირობებზე არ უსაუბრია.  

”ჩვენი ამოცანაა პროპაგანდირება, რომ ხალხმა იცოდეს, რომ რამდენად დაბალია თანხა, რაც მათ უნდა გადაიხადონ – წელიწადში 20 ლარზე ნაკლები – და რამდენად დიდია შეღავათი, რომელსაც ეს ხალხი მიიღებს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ამის შესახებ დღეს კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვერაზე ისაუბრა, რომელიც ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცა.

მან კომპანიების წარმომადგენლები ”მაქინაციების” და ”სისტემის ბოროტად გამოყენების” წინააღმდეგ გააფრთხილა.

”თანამშრომლობა უნდა ჩამოყალიბდეს სადაზღვევო კომპანიებს და მოქალაქეებს შორის და არცერთ სადაზღვევო კომპანიის მუშაკს არ ჰქონდეს ცდუნება ჭკუაში აჯობოს თავის მოქალაქეს, ჯიბრში ჩაუდგეს ან რაღაცნაირად ნიშანი მოუგოს,”- განუცხადა მან ბიზნემენებს, ”ეს არის სიტუაცია, როცა სახელმწიფო აფინანსებს პროგრამებს და სადაზღვევო კომპანიები ასრულებენ თავის ვალდებულებებს”.

მისი თქმით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი და ის პირადად მოისმენს ყოველკვირეულ ანგარიშებს ”თუ როგორ მოდის ჩვენი ახალი დიდი სოციალური ინიციატივის განხორციელება თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version