სოხუმი ადასტურებს ოჩამჩირეში რუსული ხომალდების ბაზირების გეგმებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაადასტურა, რომ მოსკოვთან მიღწეულია შეთანხმება რუსული სამხედრო გემებისთვის ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ბაღაფშის თქმით, ამ ეტაპზე ”რაიმე ხელმოწერილი ხელშეკრულება” არ არსებობს, თუმცა მიღწეულია შეთანხმება, რომ ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობა წელს დაიწყება.

”იტარ-ტასსი” რუსეთის საზღვაო ძალების შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა 26 იანვარს, რომ რუსეთი შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო გემების ოჩამჩირის პორტში ბაზირებას აპირებს.

აფხაზურმა მხარემ 26 იანვარს განაცხადა, რომ ოჩამჩირის ბაზა მოსკოვსა და სოხუმს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნება. ხელშეკრულებას სექტემბერში მოეწერა ხელი.   

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოჩამჩირეში ბაზის შექმნის გეგმები ადასტურებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ყველა ქმედება ”საბოლოო ჯამში მიმართული იყო რუსეთის სამხედრო ბაზებისათვის მყარი პლაცდარმის შექმნისაკენ”.

”საერთაშორისო კონტროლის არარსებობის პირობებში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალები არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აძლევენ საშუალებას არა თუ განახორციელოს მონიტორინგი, არამედ საერთოდ შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი ყველა საშუალებას მიმართავს თავისი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად ამ რეგიონებში,”- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში 26 იანვარს.

თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღებით მოეკიდონ რუსეთის ამ ქმედებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version