დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები

ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ შეძლებს პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენებას, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას მთავრობის დათხოვნის პროცედურის ინიცირების უფლებამოსილება მიენიჭება, ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც 29 დეკემბერს გახდა ცნობილი.

პირობები, რომელშიც პრეზიდენტი შეძლებს პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენებას უცვლელია: თუ საკანონმდებლო ორგანო ვერ შეძლებს ბიუჯეტის მიღებას სამი თვის განმავლობაში ან სამი მცდელობის შემდეგ ვერ გამოუცხადებს ნდობას ახალ მთავრობას.

არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის უფლება საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში; საომარი ან საგანგებო სიტუაციების დროს და საპრეზიდენტო ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.  

გარდა ამ შეზღუდვებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ახალი წესის შემოღებას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც ”პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში”.

პრეზიდენტს საყოველთაო რეფერენდუმის დანიშვნა მოუწევს, თუ მას ერთი საპრეზიდენტო ვადის დროს მეორედ მოუნდება პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენება, ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში.

პროექტის თანახმად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, თუ რეფერენდუმის დროს ამომრჩევლები არ დაეთანხმებიან პრეზიდენტის წინადადებას პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ ექნება უფლება დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო, ნათქვამია პროექტში.   

ცვლილებების პროექტი ასევე ითვალისწინებს საპარლამენტო უმცირესობისთვის, რომელიც ამჟამად 14 დეპუტატს აერთიანებს, მთავრობის დათხოვნის პროცედურის ინიცირების უფლებამოსილების მინიჭებას. იგივე პროცედურის ინიცირება შეეძლება ასევე სულ ცოტა 30 დეპუტატს, ნაცვლად 50 დეპუტატისა, როგორც ამას არსებული კონსტიტუცია ითვალისწინებს. მთავრობის დათხოვნა შეუძლია პარლამენტს ხმათა უმრავლესობით.

შემოთავაზებულმა ცვლილებებმა ერთთვიანი საჯარო განხილვის პროცესი უნდა გაიაროს, სანამ მას პარლამენტი დაამტკიცებს.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version