პრეზიდენტმა ეკონომიკურ სირთულეებზე ისაუბრა

საქართველომ ეკონომიკურად გაუძლო აგვისტოს ომს მაშინ, როცა რუსეთის ”ეკონომიკა თითქმის ჩამოიშალა”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 დეკემბერს.

”ჩვენ გავიარეთ აგვისტოს ომი ისე, რომ რუსეთის ეკონომიკა თითქმის ჩამოიშალა და საქართველოს ეკონომიკას თითქმის არაფერი დაეტყო სექტემბერში და ოქტომბერში, მაგრამ ნოემბრის ბოლოს საქართველოში შემოვიდა უკვე მთელი სიმძლავრით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ასეთი კრიზისი მსოფლიოს არ უნახავს [გასული საუკუნის] 30-იანი წლების შემდეგ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამის შესახებ მან რუსთავში ფოლადსადნობი ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი ეს  სატელევიზიო გამოსვლა გაგრძელებაა იმ შეხვედრების სერიისა, რომელიც მან ბოლო დღეებში ბიზნესის წარმომადგენლებთან და მეციტრუსეებთან გამართა. წინა შეხვედრებზეც პრეზიდენტი ამავე თემას შეეხო, განაცხადა რა, რომ საქართველოში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები გამოწვეულია არა აგვისტოს ომით, არამედ  მსოფლიო ფინანსური კრიზისით.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავრობის წინაშე  დგას  ”საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის და შენარჩუნების” ამოცანა.  

”თუ დღეიდან ერთ წელიწადში და მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება, ჩვენ ყველანი ვიტყვით ჩვენ მოვახერხეთ ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ, თუ აქედან ორ წელიწადში ვიტყვით, რომ საქართველოს დაუბრუნდა დიდი ეკონომიკური ზრდა და საქართველო რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან ერთად მსოფლიოში, ჩვენ პარტნიორთან ერთად, გამოვიდა ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული, უფრო დამშვენებული, უფრო წელში გამართული ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფრისკენ მერე გვეხსნება პერსპექტივა იმიტომ, რომ საქართველოს ერთიანობაზე გამავალი გზა, საქართველოს  უკეთესი მომავლისკენ გამავალი გზა გადის დღეს იმაზე რამდენად შევძლებთ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას, ჩვენი ეკონომიკის შენარჩუნებას  და  გაძლიერებას,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს უარი არ უთქვამს თავის სტრატეგიულ ამოცანებზე, უბრალოდ არსებულმა გამოწვევებმა გარკვეულწილად კორექტივები შეიტანა გეგმებში. პრეზიდენტის განცხადებით, ”ახალი ენერგიით” განახლებული მთავრობა მობილიზებული უნდა იყოს ეკონომიკური სირთულეების გადასალახად.

მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებაზე. ამ კონტექსტში მან ახსენა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლო შეთანხმება აშშ-სთან, რაზეც მან ამერიკელ სენატორთან ჯონ კერისთან შეხვედრაზე იმსჯელა. კერი თბილისს 13 დეკემბერს სტუმრობდა.

”ჩვენ მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკასთან,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი – რეგიონში ეს არ აქვს არავის. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ჩაიდება ფული იმისათვის, რომ ამერიკის ბაზარზე შევიდნენ. ახლა იყო აქ ჩამოსული ამერიკის სენატის, დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი სენატორი კერი და ყველაზე ვრცლად ამაზე ვილაპარაკეთ, რომ უახლოეს პერიოდში მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან”.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურ შეთანხმებაზე მუშაობს ევროკავშირთანაც.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ორშაბათს შეხვედრა აქვს საპარლამენტო უმრავლესობასთან, სადაც  ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელებს.

”მთავრობას ვავალებ მათთან [დეპუტატებთან] ერთად შეიმუშაოს ეკონომიკის გადარჩენის და შენარჩუნების საკანონმდებლო და საფინანსო პაკეტი იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიდეთ სამშვიდობოზე.  მე არ დავუშვებ, რომ რომელიმე მოხელემ სირაქლემასავით თავი ჩარგას ქვიშაში და ეს არ შეიმჩნიოს. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც სახელმწიფო აპარატის თითოეულ თანამშრომელს ახლა აქვს,” – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის ფონზე.

”ჩვენ ვართ გონიერი ხალხი და ჩვენ  გვესმის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის, საზოგადოებრივი დიალოგის და მთავრობის ძალიან აქტიური მოქმედების პირობებში,” – განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი გამოსავალი არის ერთად დგომაში და ჩვენი გამოსავალი არის სიმშვიდეში, სტაბილურ განვითარებაში”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version