სამხედრო-საზღვაო ძალები შსს-ს შემადგენლობაში გადავა

სამხედრო-საზღვაო ძალები თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შეუერთდება.

აღნიშნულ ცვლილებას საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონში დღეს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. სტრუქტურული ცვლილება 2009 წლის 1 თებერვლამდე უნდა განხორციელდეს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, აღნიშნული ცვლილება საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით ხორციელდება და მიზნად ისახავს საზღვაო სივრცის დაცვის დღემდე დუბლირებული ფუნქციის ერთ უწყებაში მოქცევას.

იმავდროულად, პარლამენტმა 2 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონებში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, საზღვრის დაცვის ფუნქცია, სასაზღვრო პოლიციის გარდა, შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიძლება დაევალოს სამინისტროს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ დანაყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version