ევროკავშირი აგვისტოს ომის გამოძიებას იწყებს

ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო აგვისტოს ომის საგამოძიებო მისია მას შემდეგ, რაც 2 დეკემბერს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა მისიას ოფიციალურად დაუჭირეს მხარი, იტყობინება AFP ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი, შევა 10 ”აღიარებული ექსპერტი”  – ისტორიკოსები, სამხედროები, იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები, იტყობინება AFP ევროკავშირის მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტექსტზე დაყრდნობით.

ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ მისიის გამოძიების გეოგრაფიული და დროის  არეალი უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა დადგინდეს ყველა შესაძლო მიზეზი.

”რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ამგვარ გამოძიებას. იმედი გვაქვს, რომ ეს აისახება მისიის მუშაობის ეფექტურ მხარდაჭერაში,” – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისიას რვა თვე ექნება მუშაობის დასასრულებლად; დასკვნები 2009 წლის 31 ივლისს წარედგინება ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისიის მუშაობის გახანგრძლივებაც.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version