პრეზიდენტების კორტეჟის ინციდენტი ”ცუდ დაგეგმვას” დაბრალდა

პოლონეთის მთავრობის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პოლონეთის და საქართველოს პრეზიდენტების ესკორტის მახლობლად განხორციელებული სროლები პრეზიდენტების მკვლელობის მცდელობა არ ყოფილა, იტყობინება Associated Press-ი და პოლონური მედია.

მოხსენებაში დადანაშაულებულია პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ოფისი საქართველოში ვიზიტის ცუდად დაგეგმვის გამო და საქართველოს დაცვის სამსახური, რომელმაც, მოხსენების მიხედვით, უსაფრთხოების სათანადო ზომები ვერ უზრუნველყო.

Associated Press-ი იტყობინება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ”მასპინძლებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პირდაპირი მოვალეობები” უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

მოხსენებაში არ არის ნახსენები, თუ ვინ განახორციელა გასროლა.

რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ სეპარატისტული რეგიონის მესაზღვრემ განახორციელა ”გამაფრთხილებელი გასროლა” ჰაერში, რათა აღეკვეთა კორტეჟის შესვლა სეპარატისტულ რეგიონში.

23 ნოემბერს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოს სტუმრობდა, იგი და პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც ეს ვიზიტის დღის წესრიგით იყო დაგეგმილი, შიდა ქართლის რეგიონში ჩავიდნენ დევნილების მოსანახულებლად. კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ჩასვლამდე, საპრეზიდენტო კორტეჟმა ახალგორისკენ გადაუხვია – ეს მარშრუტი წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version