ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იააკ აავისკოომ განუცხადა ესტონურ გაზეთ Postimees-ს, რომ მისი განცხადება საქართველოს შესახებ, რომელიც Guardian-მა გამოაქვეყნა, იყო ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს პოზიციის აღწერა და არა მისი პირადი ან ესტონეთის ოფიციალური პოზიცია.

11 ნოემბერს Guardian-ი იტყობინება ესტონეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით: ”უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისის სანდოობა შეიალახა. რამდენიმე ქვეყანამ ნათლად დაინახა, რომ საქართველომ არაპროგნიზერებადი გზით იმოქმედა”.

Postimees-ის კითხვაზე ზუსტად როგორი განცხადება გააკეთა მან, აავისკოომ უპასუხა: ”რამდენადაც მახსოვს, ვთქვი, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის სიტუაციის ადექვატური აღწერა. სიტუაციაში მე ვგულისხმობ მიდგომებს, რომელიც ჩვენს ბევრ პარტნიორს შორის არსებობს. რაც შეეხება [ესტონეთის] მთავრობის პოზიციას ან ჩემს პირად პოზიციას, ის ოდნავაც კი არ შეცვლილა”.

შემდეგ მას ჰკითხეს: ”ანუ ის სიტყვები Guardian-ში არ ასახავდა თქვენს პირად შეფასებას ან ესტონეთის მთავრობის შეფასებას, არამედ მხოლოდ ზოგად მიდგომებს შეეხებოდა?”

”მოდით ასე ვთქვათ,” – უპასუხა მან, ”დიახ, ეს შეეხებოდა იმ პროცესებს, რომელიც ზოგადად მიმდინარეობს. ამგვარი შეფასებები არაერთხელ გაკეთებულა. ჩვენ [ესტონელებს] ალბათ უკეთ გვესმის სიტუაცია. მე არ ვიტყოდი, რომ საქართველომ როგორღაც იმედი გამიცრუა”.  

 

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version