”ყაზტრანსგაზ-თბილისი” შესაძლოა გაიყიდოს

ყაზახური სახელმწიფო კომპანია KazMunaiGas-ი აცხადებს, რომ განიხილავს გეგმებს თბილისში გაზის სადისტრუბუციო კომპანია ”ყატრანსგაზ-თბილისის” გაყიდვის თაობაზე, იტყობინება ”როიტერი” 7 ოქტომბერს.

KazMunaiGas-ის ხელმძღვანელმა კაირგელდი კაბილდინმა ამ გეგმების მიზეზად ფინანსური საკითხები დაასახელა.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახური მხარე არ აპირებს ბათუმის ნავთობტერმინალის გაყიდვას, სადაც ”სტრატეგიული” ინტერესები გააჩნია.

თბილისში გაზის სადისტრიბუციო კომპანია ყაზახურმა კომპანიამ 2005 წლის დეკემბერში შეისყიდა.

”ყაზტრანსგაზ-თბილისის” გაყიდვის გეგმების გახმოვანებამდე, ყაზახურმა მხარემ რეგიონში დაძაბულობის მოტივით უარი განაცხადა ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების გეგმებზე; და ასევე ეკონომიკური მიზანშეუწონლობის მოტივით უარი თქვა ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version