რუსეთი ”უსაფრთხოების ზონაში” ეუთოს სამოქალაქო პოლიციისკენ მოუწოდებს

რუსეთმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოში სამოქალაქო საპოლიციო ოპერაციისაკენ ეუთოს ეგიდით.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რუსეთი გამოდის წინადადებით საპოლიციო ძალების სამხრეთ ოსეთის მიმდებარე უსაფრთხოების ზონაში განთავსების ინიციატივით. ეს საქართველოს ის ტერიტორიაა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრისა და მთავარ ავტომაგისტრალს შორის მდებარეობს და ამჟამად რუსული ძალების მიერ კონტროლდება.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, სამოქალაქო პოლიციას ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები შეავსებენ. ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 19 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება 20 უიარაღო სამხედრო დამკვირვებლის სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით დაუყოვნებლივ გამოგზავნის თაობაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ 80 დამკვირვებლის განთავსების პირობებთან დაკავშირებით.

ამჟამად, ეუთოს დამკვირვებლები აკვირდებიან მდგომარეობას ავტომაგისტრალსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მათ არათუ არ უშვებენ სამხრეთ ოსეთში, არამედ არც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დაშვებულები, გარდა უსაფრთხოების ზონის იმ ადგილებისა, რომელიც ტრასას კვეთს.

რუსული მხარის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს ფინეთის თავმჯდომარეობას დაუყოვნებლივ შეიმუშაოს პირობები, ხანგრძლივობა და მანდატი სამოქალაქო პოლიციური ოპერაციისათვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version