საარჩევნო დარღვევებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

დამწვარი ავტობუსები სოფელ ხურჩაში. 
ფოტო: გაზეთი ”ბათუმელები”

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და არჩევნების დღეს სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ასახავს სტუდია ”რეპორტიორის” მიერ გადაღებული ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით ”დემოკრატიის გამოცდა”, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.

არჩევნების დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონის სოფელ ხურჩაში ის ორი ავტობუსი აფეთქდა, რომელსაც ეთნიკური ქართველი მოსახლეობა გადმოჰყავდა გალის რაიონიდან ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აფეთქების შედეგად არავის დაზარალებულა, თუმცა მოგვიანებით დაწყებული სროლებისას რამდენიმე მგზავრი დაიჭრა. მომხდარში თბილისმა სოხუმი დაადანაშაულა. 
 
სტუდია ”რეპორტიორის” ფილმში ეჭვია გამოთქმული იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონაში ინციდენტი ხელოვნურად იყო მოწყობილი არჩევნების მიმდინარეობის პროცესის დასაჩრდილად. 

”ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში წამყვან თემად იქცა და შედარებით ნაკლები დრო დარჩა საარჩევნო სუბიექტების და დამკვირვებლებისთვის,” – ნათქვამია დოკუმენტურ ფილმში.

ფილმში ნაჩვენებია კადრი, რომელიც სტუდია ”რეპორტიორმა” საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოიპოვა, სადაც ჩანს ორი ავტობუსის აფეთქება.

”კადრში ჩანს, რომ კამერა შტატივზეა, მოლოდინის რეჟიმში, სრულიად არაბუნებრივად იდგა ავტომატური იარაღის სროლის ფონზე. მეორე ავტობუსი კადრის გასწორების შემდეგ აფეთქდა და ეს აფეთქება ოპერატორმა ყოველგვარი რეაქციის გარეშე გადაიღო,”- ნათქვამია ფილმში, ”მეტი სიზუსტისთვის შევანელეთ კადრის სიჩქარე, რის შემდეგადაც მკვეთრად გამოჩნდა ყუმბარის მოძრაობის ტრაექტორია. აშკარაა, რომ ავტობუსს ოპერატორის მარჯვნიდან არც თუ მოშორებული ადგილიდან ესროლეს”.

ავტორის განცხადებით, ამ დეტალების საფუძველზე ჩნდება ეჭვი, რომ ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი.

ინციდენტთან დაკავშირებით ფილმში ასევე გამოყენებულია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტიდან არჩევნებზე ერთ-ერთი საერთაშორისო დამკვირვებლის კომენტარი, რომელიც ინციდენტის შემდეგ ადგილზე ჩავიდა.

”როცა შევისწავლეთ ეს ინციდენტი, დავასკვენით, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. უცნაურია რომ ის ადგილი, სადაც აფეთება მოხდა, არანაირად არ უკავშირდება იმ გზას, სადაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად უნდა გაევლო,” – აცხადებს დამკვირვებელი.

ფილმში გამოყენებულია ასევე საარჩევნო უბნებზე მყოფი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და ცალკეული ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები, სადაც მთელი რიგი დარღვევებია აღბეჭდილი, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან საუბნო დამკვირვებლებზე და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის , ე.წ. კარუსელების დატრიალების და ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის ფაქტები.

ფილმის ავტორის ვახტანგ კომახიძის განცხადებით, ფილმის ასლები უახლოეს დღეებში მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნება შემდგომი რეაგირებისთვის.

სტუდია ”რეპორტიორში” გაერთიანებულ ჟურნალისტებს სხვადასხვა თემებზე აქვთ საგამოძიოებო ფილმები გაკეთებული. მათი გადაღებულია ასევე დოკუმენტური ფილმი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ გამოუძიებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version