რუსეთის მიერ აფხაზეთში ძალების გაზრდა არ არის ”ბრძნული” გადაწყვეტილება – სოლანა

რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების დამატებითი რაოდენობის გაგზავნის შესახებ ვერ დაეხმარება დაძაბულობის შემცირებას, განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ 29 აპრილს ლუქსემბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


”ლიმიტის ფარგლებშიც რომ მოხდეს სამშვიდობოების რაოდენობის ზრდა, თუ გვინდა შევამციროთ დაძაბულობის ალბათობა, არა მგონია ბრძნული გადაწყვეტილება იყოს მათი ახლა გაზრდა,” – იტყობინება ”როიტერი” სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით.


29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის ”პროვოკაციულმა ქმედებებმა” რუსეთის სამშვიდობოების წინააღმდეგ, ასევე კონფლიქტის ზონაში დამატებითი ქართული ძალების განთავსებამ აიძულა ისინი გაზარდონ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა რაოდენობა. თავდაცვის სამინისტრო არ აზუსტებს, თუ რამდენით გაიზრდება რუსული კონტიგენტი, თუმცა აცხადებს, რომ ეს იქნება ”დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში.”


დსთ-ს ლიდერთა 1994 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობოების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 2 500-3 000-ს.


ლუქსემბურგში პრესკონფერენციაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამშვიდობოების ზრდა დსთ-ს ლიდერთა გადაწყვეტილების ფარგლებში მოხდა.


”რია ნოვოსტი” და ”ინტერფაქსი” იტყობინებიან ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით: ”რუსეთი არ ემზადება საქართველოსთან ომისთვის, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მთელი რიგი მაგალითები, რომლებიც იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას შესაძლოა ჰქონდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერ გზით მოგვარების გეგმები”.


მან ასევე განაცხადა, ”როიტერის” ცნობით: ”თუ საქართველო განახორციელებს იმ მუქარას, რომელიც მან რამდენჯერმე გაახმოვანა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ იძულებული ვიქნებით საპასუხო ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version