სააკაშვილი უკმაყოფილოა ბურჯანაძის გადაწყვეტილებით

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებით არ იყაროს კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა აღნიშნა, რომ როცა ის დაუბრუნდება პოლიტიკას ”იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, დარწმუნებული ვარ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”. 


ბურჯანაძემ დღეს თავისი მოულოდნელი განცხადების მოტივად ნაციონალურ მოძრაობაში საარჩევნო სიის შედგენისას კონსენსუსის არ არსებობა დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ ის ოპოზიციაში არ მიდის.


”პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გადაწყვიტა, რომ არ ჩაწერილიყო ამ სიაში. მე მესმის მან ეს რატომ გადაწყვიტა, თუმცა რა თქმა უნდა მე არ ვარ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”მე მინდა გითხრათ, რომ  ჩემთვის ნინო არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. ის არის საქართველოს პატრიოტი, ჩვენ მრავალი წელია მოვდივართ ერთად, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში, მაგალითად, გასული წლის ნოემბრის, როცა ქვეყანაში იყო ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი, დადგა ძალიან მაგრად, ორჯერ  ურთულეს პირობებში შეასრულა პრეზიდენტის უფლებამოსილება. ის, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა ,არის და დარჩება საქართველო ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად”.


”მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა დროებით ჩამოშორდეს პოლიტიკას,”- განაგრძო სააკაშვილმა, ”ის იმედია დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, დარწმუნებული ვარ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”.


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბურჯანაძის ნაცვლად საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ე.წ ბურჯანაძის გუნდიდან, ხოლო მეორე ნომერი ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრი კობა სუბელიანი.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტია არ არის კონკრეტულ ლიდერებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ის ”მასობრივი საერთო სახალხო მოძრაობაა”.


”ეს არ არის პრეზიდენტ სააკაშვილის ცალკე აღებული პარტია, ეს არის ამ ორგანიზაციის წევრების და მათი მხარდამჭერების კუთვნილი ორგანიზაცია,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამიტომ ჩვენ მივიღეთ მთავარი დაკვეთა ჩვენი საზოგადოების საპარლამენტო სიის რადიკალურზე რადიკალური განახლებაზე და მე მინდა ვთქვა, რომ ამ ახალ საპარლამენტო სიაში ¾-ზე მეტი ეს არის ახალი სახეები, ეს არის ის ადამიანები, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ გაკარებია პოლიტიკას წინა წლებში და აქამდე არ ყოფილა დაკავებული აქტიური პოლიტიკით. აქ არიან ყველა ასაკის ადამიანები”.


თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სიები 21 აპრილის 18 საათამდე ოფიციალურად წარედგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version