თბილისი გმობს რუსი დეპუტატების რეკომენდაციას სეპარატისტული რეგიონების აღიარების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა , რომ რუსეთმა ”დაკარგა ყოველგვარი პოლიტიკური, სამართლებრივი თუ მორალური უფლება, პრეტენზია განაცხადოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში ნეიტრალური და ობიექტური მედიატორის როლზე” მას შემდეგ, რაც 21 მარტს მიღებული რეზოლუციით სახელმწიფო სათათბირომ მოუწოდა კრემლს  განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი.


რეზოლუცია ასევე მოუწოდებს განხილულ იქნას ”ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში განთავსებული [რუსული] სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესაძლებლობის” საკითხი.


”საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება იქ განლაგებული სამხედრო კონტინგენტების რაოდენობის, შეიარაღების, მანდატის, ვადის, კონფიგურაციის ან ნებისმიერი სხვა პარამეტრის შეცვლას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ახალი შეიარაღებული ძალის გაჩენას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის N3314 რეზოლუციის შესაბამისად, შეფასებული იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის აქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე ყველა შედეგით,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსი დეპუტატების მოწოდებები ”წარმოადგენს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში დაუფარავი ჩარევის კიდევ ერთ მცდელობას, თავისი შინაარსითა და სულისკვეთებით პირდაპირ მიმართულს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდებისა და რეზოლუციების ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ”.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 24 მარტს განაცხადა, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე თავს შეიკავებს რუს კოლეგებს ”ცხარე და მკვეთრი” განცხადებით უპასუხოს.

”დაველოდოთ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულ ნაბიჯებს და საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ მივიღოთ ადეკვატური ზომები, მანამდე კი აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რათა მათი მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა მივიღოთ,”- განაცხადა ბიუროს სხდომაზე საუბრისას გაბაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version