”ცეცხლს ნუ ეთამაშებით” – მიმართავს სააკაშვილი რუსეთს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ურჩია რუსეთს ”ცეცხლს ნუ ეთამაშება ” იმ განცხადებებით, რომ შესაძლოა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.


ქვევით მოცემულია სააკაშვილის განცხადება, რომელიც 16 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ წინა დღით რუსეთის საგარეო უწყების გაკეთებული განცხადება საგანგაშო იყო. 


”მოსკოვში ჩასვლისას საშუალება მექნება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტური ზონების თემები პრეზიდენტ პუტინთან ერთად განვიხილოთ [სააკაშვილი თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 21 თებერვალს მოსკოვში დსთ-ს ლიდერთა არაოფიციალური სამიტის ფარგლებში გეგმავს].


არის გარკვეული ინდიკაცია იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებები მიიღება და შესაძლოა რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას.


მინდა შევახსენო ჩვენს კოლეგებს რუსეთში, გუშინ მათ მიიღეს ბაღაფში და კოკოითი [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები], ეს ის ხალხია, ვინც საჰაერო აპარატების ჩამოგდებით იმუქრება და რეალურად დაკავებულია უკანონო, ტერორისტული საქმიანობის წახალისებით.


ისინი ეთნიკური წმენდის ჩამტარებლები არიან და თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან მათი ასეთ დონეზე მიღება არ შედის არც რუსეთის ინტერესებში და არც საღ აზრს არ ემსახურება.


მე მოვისმინე განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს თავის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიზეც დაიცვას. თუ აფხაზეთსა და ცხინვალში იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი იქ უკანონოდ არიან და ჩვენ არ ვცნობთ მათ მოქალაქეობას. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარი მოქალაქეობა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე დააკანონოს და პრეტენზია განაცხადოს ამ მოქალაქეების დაცვაზე, განსაკუთრებით, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით.


ყველა, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, საქართველოს კანონმდებლობით ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება და სამართლებრივი უფლება დავიცვათ ჩვენი ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები.


მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს რუსეთში: ნუ ეთამაშებიან ცეცხლს.


ჩვენ გვსურს ორმხრივი ურთიერთობა ცივილიზებული და მეგობრული გზით დავამყაროთ. თუმცა ჩვენ ის ტერიტორია წინაპრებმა იმიტომ არ დაგვიტოვეს და ქარველთა თაობები ამ ტერიტორიის დასაცავად იმიტომ არ დაიხოცა, რომ საქართველოს საზღვრები და მთლიანობა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს. სანამ პირში სული გვიდგას ამას ვერავინ ეღირსება. ჩვენი დიალოგის ახალი ეტაპის დაწყების წინ, ვთხოვ ჩვენს მეგობრებს მოსკოვში, რომ ეს სათანადო დონეზე გაითვალისწინონ. ჩვენ კი, ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version