ოპოზიცია 22 თებერვლიდან საყოველთაო შიმშილობის აქციას იწყებს

ოპოზიცია ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას და 22 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს საყოველთაო შიმშილობის აქციას მათი მოთხოვნების შესრულების მიზნით. ოპოზიცია აცხადებს, რომ ”მთელი საქართველო გადაიქცევა კარვების ქალაქად”.

ეს გადაწყვეტილება დღეს ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილეს განუცხადა. მიტინგი მშვიდობიანად დაიშალა.


”ჩვენ შევიმუშავეთ ულტიმატუმი, რომელსაც არცერთი ადამიანი არ წაყვება ბურჯანაძის კაბინეტში. ეს არის საბოლოო ულტიმატუმი იმისთვის, რომ ამ ხალხმა [ხელისუფლებამ] ყურები გამოიბერტყოს,”- განაცხადა  გაჩეჩილაძემ ოპოზიციის სახელით.


”მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: ჩვენ ხვალ, ზეგ, ორშაბათამდე გამოვაცხადებთ ოფისის ადგილებს და მისამართებს კლიპებით მთელ საქართველოში, სადაც  უნდა ჩაეწერონ მოხალისეები ორი მიმართულებით: ერთი არის მოშიმშილეები და მეორე არის, ამ მოშიმშილეებს მთელ საქართველოში სჭირდება დაცვა,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”ამიტომ მე გთხოვთ, რომ მოგვცეთ ცოტა დრო, რომ ჩვენ მობილიზაცია გავუკეთოთ მოხალისეების შეკრებას მთელ საქართველოში და მომავალ პარასკევს საქართველოს რეგიონის ყველა დედაქალაქში და უმთავრესად თბილისში დაიწყება საერთო სახალხო შიმშილობა საბოლოო გამარჯვებამდე”. 

მიტინგის დასაწყისში გაჩეჩილაძემ განუცხადა მომხრეებს, რომ ხელისუფლება არ მოდის კომპრომისზე ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად.


”დღეს ამოიწურა ვადა, რომელიც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მივეცით ხელისუფლებას. ეს არის თქვენი, ჩვენი ქვეყნის – საქართველოს მოთხოვნები იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა მივიღოთ თავისუფლება როგორც არჩევნებში, ასევე სასამართლოში და ასევე ტელევიზიაში,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”გუშინ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც მე პირადად დავარქვი ნაცრის შეყრა თვალებში საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი არის არაფერის მეტყველი დოკუმენტი, სადაც არ წერია შედეგი და მხოლოდ წერია პროცესი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version