სააკაშვილის ზუგდიდში გამოსვლა ისტორიული გმირებით იყო გაჯერებული

ზუგდიდში ათასობით მხარდამჭერის წინაშე საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელი უნდა გახდეს ”დავით აღმაშენებლის წელი, ანუ გამარჯვების წელი”.


20-წუთიანი გამოსვლა, რომელიც ტელეკომპანია ”მზემ” პირდაპირ ეთერში გაუშვა, ხოლო მოგვიანებით მთლიანი ვიდეო-ჩანაწერი აჩვენა ”რუსთავი 2”-მა, იყო სააკაშვილის კამპანიის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა, რომლის დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ გმირებზე, განსაკუთრებით დავით აღმაშენებელზე, რომელმაც მე-12 საუკუნეში საქართველო გააერთიანა.


”დავითის დროსაც ასეთი ბარაქიანი იყო საქართველო… დავითის დროსაც იყვნენ მოღალატეები, რომელთაც უნდოდათ საქართველოს არევა; მაგრამ დავითის დროსაც ჩვენ ვუმკლავდებოდით და ვამარცხებდით მსოფლიოს უძლიერეს იმპერიებს და ამას დღესაც შევძლებთ თქვენთან ერთად,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ყველას გვახსოვს განმუხური და დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ იქ ჩვენთან დავითიც იყო, დავითი მაშინ იქ ჩემ გვერდზე იყო… ჩვენ ტრადიციული ერი ვართ, ქართველები და ტრადიცია გულისხმობს, რომ ოჯახის შვილმა უნდა მიბაძოს ოჯახის მამას. ჩვენი ქართული ოჯახის მამა არის დავით აღმაშენებელი. მიპასუხეთ ხალხო: ვართ თუ არა იმ დავით აღმაშენებლის შთამომავლები, რომელმაც გააერთიანა საქართველო და დაამარცხა ყველა მტერი?… მაშინ ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ საქართველოს გაერთიანებით და მტერზე გამარჯვებით”.


მან ასევე ისაუბრა აფხაზეთის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო ”ძალიან მალე” შეძლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.


”ხვალ ენგური იქნება ერთიანი საქართველოს სიმბოლო რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს,” – განაცხადა მან, ”ეს დროშა [საქართველოს სახელმწიფო დროშა], გიორგი ბრწყინვალეს დროშა სიამაყით ფრიალებს და ის ძალიან, ძალიან მალე იფრიალებს სოხუმის თავზე”.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version