ბერძენიშვილი ”ანტისემიტური” განცხადების გაკეთებას უარყოფს

დეპუტატმა ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ მისი განცხადება ანტისემიტისტური იყო, როდესაც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს მათიას იორშს ”უნგრელი ებრაელი” უწოდა.


დაპირისპირება ბერძენიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს დაიწყო, როდესაც დეპუტატი ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში საქართველოში ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა ვიზიტის შესახებ საუბრობდა და დელეგაციის ხელმძღვანელს მათიას იორშს აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებისადმი მიკერძოების გამო.   


”ამ ჯგუფში ორი პიროვნება შედის. ესაა მათიას იორში და კასტრიო ისლამი. ისლამი ალბანელია და მათიასი… ” აცხადებს ბერძენიშვილი გადაცემის დროს და ამ დროს წამყვანი ჩაერევა: ”უნგრელი”; შემდეგ ბერძენიშვილი განაგრძობს: ”უნგრელი ებრაელი”.


მოგვიანებით ამ საკითხს გაზეთი ”24 საათიც” გამოეხმაურა. ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე წერს: ”ლევან ბერძენიშვილის მიერ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ ”უნგრელი ებრაელისგან” (ანუ ევროსაბჭოს მომხსენებლის მათიას იორშისაგან) ჭკუის სწავლებას არ მიიღებს, არა მხოლოდ სასირცხვილო, არამედ ანტისემიტისტურიცაა,” რაც ბერძენიშვილის სიტყვების არასწორი გადმოცემა იყო; შედეგად, გაზეთმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და წინადადება სხვანაირად დაწერა: ”ლევან ბერძენიშვილის მიერ “კავკასიის” ეთერში გაკეთებული განცხადებების სულისკვეთება, რომ “უნგრელი ებრაელისგან” (ანუ ევროსაბჭოს მომხსენებლის მათიას იორშისაგან) ჭკუის სწავლებას არ მიიღებს, არა მხოლოდ სასირცხვილოა, არამედ ანტისემიტისტურიც”.


ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა 14 დეკემბერს, როდესაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის რეაქცია გააშუქა ბერძენიშვილის განცხადებაზე, რომელსაც მან ”რასისტული” უწოდა.


”ამ პიროვნებამ, რომელზეც საუბარია [ლევან ბერძენიშვილმა] დააზარალა მხოლოდ მისი საკუთარი რეპუტაცია და მისი პარტიის რეპუტაცია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარ განცხადებებს ზერელედ უნდა მოვეკიდოთ. პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ იმაზე, რასაც ამბობენ და იმ მაგალითისთვის, რომელსაც ისინი სხვებს აძლევენ,” – განაცხადა ტერი დევისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვაზე გაცემულ ელექტრონულ პასუხში.


”მე საქართველოს კარგად ვიცნობ,” – წერს იგი, ”რადგანაც მე ვიყავი მომხსენებელი მისი ევროპის საბჭოში შესვლის დროს და შემიძლია განვაცხადო, რომ ამგვარ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, რამდენადაც მე ვიცი. ქართველების უმეტესობა ტოლერანტი ხალხია და მათ არ სჭირდებათ იმის თქმა, რომ უარი თქვან ამგვარ არატოლერანტულ და რასისტულ განცხადებებზე”.


14 დეკემბერს დაპირისპირებაში ასევე ჩაერთო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც განაცხადა: ”ვწუხვარ, რომ პოლიტიკური ბრძოლის დროს ზოგიერთმა ადამიანმა ყურადღების მიღმა დატოვა ტოლერანტობის პრინციპი”.


თუმცა, თავად ლევან ბერძენიშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს.


”როდესაც მე მათიას იორშს ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ იგი იყო ერთადერთი, რომელმაც 7 ნოემბრის მოვლენები არ დაგმო და ემსახურება ამ ხელისუფლებას, ამ დროს წამყვანმა [დავით აქუბარდიამ] მკითხა: უნგრელია ხომ ეს კაცი? და მე დავაზუსტე, რომ არის უნგრელი ებრაელი. მე უბრალოდ მისი წარმომავლობა დავაზუსტე. სხვათა შორის ამ კაცის ერთადერთ პლიუსად მე ვთვლი ზუსტად იმას, რომ ის ებრაელია. მე ცოტა გაკვირვებული ვარ ამ აჟიოტაჟით, რადგან ჩემი ანტისემიტიზმში დადანაშაულება არარეალურია,” – განუცხადა ბერძენიშვილმა Civil.ge-ს.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შეფასდება ის, რომ ბერძენიშვილმა იორშის ეთნიკური წარმომავლობა დააზუსტა იმ კონკრეტულ ვითარებაში. თუმცა, მან დაიცვა ბერძენიშვილი, განაცხადა რა, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ ის ეთნიკურ წარმომავლობას უარყოფითი ჭრილში გამოიყენებდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version