შსს-მ ზუგდიდის ინციდენტის ორი მონაწილე დააპატიმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ზუგდიდში ოპოზიციის საპროტესტო აქციის მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის ორი მონაწილე, რომელთაც 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ და ჯარიმა დაეკისრათ.


400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს ასევე ინციდენტის მონაწილე 5 პირს.


28 ოქტომბერს ზუგდიდში აქციის მსვლელობისას ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს.  ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიაყენა რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრს გიორგი ხაინდრავას  და დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს კონსერვატორული პარტიიდან. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ესხმის თავს და სცემს მამაკაცთა ჯგუფი დეპუტატ ბეჟან გუნავას.


დღეს ზუგდიდის ინციდენტი დაგმეს და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ ზუგდიდის შემთხვევამ წარმოაჩინა ”ხელისუფლების შეუწყნარებლობა” მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version