ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას

ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში, განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივაილო კალფინმა დღეს თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე.


მინისტრები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და შესაბამისი მოლაპარაკებებისა და აუცილებელი პროცედურების დაწყების შესახებ.  ქართულმა მხარემ ცალმხრივად შემოიღო უვიზო მიმოსვლა ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის.


”შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ველით ბულგარეთის მხრიდანაც,”- განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის სივრცეში თანამშრომლობის, ენერგო უსაფრთხოებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პერსპექტივები.


ივაილო კალფინმა მცდარი უწოდა კოსოვოს შემთხვევის პრეცედენტად წარმოჩენის მიდგომას.


”კოსოვოს შემთხვევა უნიკალურია და არანაირი პარალელები არ უნდა კეთდებოდეს სხვა კონფლიქტურ რეგიონებზე”, – განაცხადა მან.


8-9 ივლისს მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე გაიმართა საქართველო – ბულგარეთის ეკონომიკური ფორუმი, სადაც მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version