ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში დაძაბულობით

თბილისსა და ცხინვალს პრობლემების მოგვარების სურვილის არ ქონაში ადანაშაულებენ


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა 2 ივლისს განაცხადა, რომ ”ღრმად შეშფოთებულია” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში წარმოქმნილი ახალი პრობლემების გამო.


ეუთოს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ორივე მხარეს რამოდენიმე ადამიანი სნაიპერების მიერ ნასროლი ტყვიების შედეგად დაშავდნენ.


”წინასწარ განზრახულად ადამიანების მიზანში ამოღება მიუღებელია და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ,”- აცხადებს მორატონოსი.


”კონფლიქტის მოგვარების ყველა მექანიზმი უნდა იქნეს გამოყენებული სრულად და შედგეს დიალოგი და კომპრომისი,”- დასძენს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. 


სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების შეზღუდვა ცხინვალის რეგიონში რჩება დაძაბულობის მიზეზად.


”დაძაბულობა იზრდება იმ პირობებში, როცა ორივე მხრიდან არ ჩანს სურვილი გამოიძებნოს სწრაფი გამოსავალი პრობლემიდან, რომელიც მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებას უკავშირდება,”- ნათქვამია ეუთოს პრეს-რელიზში.


კონფლიქტის ზონის მცხოვრები ქართული მოსახლეობა აგრძელებს საპროტესტო აქციებს, მათ შორის ცხინვალისკენ მიმავალი მთავარი გზის გადაკეტვის ფორმით.

მათი მოთხოვნაა ცხინვალმა აღადგინოს სარწყავი წყლით ქართული სოფლების მომარაგება.


როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები ხანგრძლივი პროტესტისთვის არიან მზად. მათ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ერგნეთში კარვები გაშალეს და განზრახ დააზიანეს გზის ასფალტის საფარი, რათა ავტომობილებს გაუჭირდეთ პიკეტის გავლა.


ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება ქართულ სოფლებს ივნისის დასაწყისში შეუწყვიტა, ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის საპასუხოდ.


თბილისის განცხადებით, ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდება ივნისის შუა რიცხვებში აღდგა, თუმცა სამხრეთ ოსეთის მხარე საპასუხო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.


სამხრეთ ოსეთის მხარე  აცხადებს, რომ სასმელი წყალი ცხინვალს არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება და ქალაქს კვლავ წყლის დეფიციტი აქვს.


თბილისში აცხადებენ, რომ თავად ცხინვალი არ უზრუნველყოფს ჯავის წყალსაქაჩიდან საჭირო რაოდენობის სასმელი წყლით მომარაგებას.


თბილისი გამოვიდა ინიციატივით მოხდეს ჯავიდან ცხინვალამდე წყალსადენის მთელი პერიმეტრის, რომელიც ასევე კვეთს ქართულ სოფლებს, ერთობლივი მონიტორინგი.


ჯავა ცხინვალის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და არ შედის კონფლიქტის ზონაში, რომელიც მხოლოდ ცხინვალიდან 15 კმ-ის რადიუსში მდებარე ტერიტორიებს მოიცავს. ამდენად, ეუთოს დამკვირვებლების მანდატი არ იძლევა საშუალებას რაიმე ტიპის მონიტორინგი განხორციელდეს ამ 15 კმ-იანი ზონის გარეთ.


ცხინვალიც ასევე უარზეა დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები და მითუმეტეს, ქართული მხარის წარმომადგენლები ჯავის ტერიტორიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version