ბურჯანაძემ დიპლომატიურ კორპუსს ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება გააცნო

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დეპუტატებთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და  ცხინვალის რეგიონში წყლის პრობლემის ირგვლივ შექმნილი ვითარება გააცნო.


ოფიციალური თბილისის განცხადებით, ცხინვალის უარი ითანამშრომლოს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან არის რეგიონში არსებული წყლის კრიზისის მიზეზი.

წყალმომარაგების პრობლემა რეგიონში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ წყალსადენი დააზიანა და შედეგად, ცხინვალი ორი კვირაა წყლის გარეშე რჩება. ოსური მხარე აცხადებს, რომ მათ წარგზავნილ მუშებს წყალსადენის შეკეთების უფლებას ქართული მხარე არ რთავს. საპასუხო ნაბიჯად ცხინვალმა შეუწყვიტა წყალმომარაგება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებს, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ სასმელი წყლის მიწოდება აღადგინა.


”ეს არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სანაკოევის ირგვლივ შექმნილი რეალობა ნამდვილად აშფოთებს კოკოითს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული მხარე არცერთ შემთხვევაში პროვოკაციას არ წამოეგოს… მაგრამ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ მხარეს დააბრალოს ის, რაშიც მას წვლილი არ მიუძღვის  – წყლის გადაკეტვის არაცივილიზებული მეთოდი ჩვენს ხელისუფლებას არ ახასიათებს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version