’ერაყულ წერილზე’ კომენტარები გაკეთდა

ანონიმურ ელექტრონულ წერილში, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო, ნათქვამია, რომ საქართველოს დამატებითი ძალების ”ნაჩქარევმა” განლაგებამ ერაყში შესაძლოა უარყოფითი შედეგები განაპირობოს ჯარისკაცებისთვის.


საქართველო ერაყში თავისი კონტინგენტის გაზრდას  850-დან 2000 სამხედრომდე გეგმავს. დამატებითი ძალები ზაფხულში ვასითის პროვინციაში განლაგდებიან, სადაც ქალაქ ალ კუტის და ირანთან საზღვრის პატრულირებას განახორციელებენ.


წერილის ანონიმური ავტორები, რომელთა თქმითაც, ისინი ქართველი ჯარისკაცები არიან ერაყში, რამდენიმე რეკომენდაციას იძლევიან და ხელისუფლებას მათ გათვალისწინებას თხოვენ, ერაყში ახალი კონტინგენტის განთავსების დროს.


წერილში ნათქვამია, რომ ახალი კონტინგენტის განთავსება უნდა გადაიდოს ზაფხულიდან შემოდგომამდე, რადგანაც, მათი თქმით, 65 გრადუს სიცხეში ჯარისკაცების განლაგება საადაპტაციო პერიოდის გარეშე დაუშვებელია. წერილში ასეცე ნათქვამია, რომ სამსახურის ვადა ექვსი თვიდან ერთ წლამდე იზრდება, რის გამოც საჭირო გახდება ჯარისკაცებისთვის ხანმოკლე შვებულებების მიცემა. წერილში ასევე აღნიშნულია სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდის საჭიროება, რადგანაც მათი დავალებები იცვლება და უფრო სახიფათო ხდება.


”წერილში მოცემული არც ერთი ფაქტი, გარდა იმისა, რომ ერაყში ცხელა, სიმართლეს არ შეესაბამება,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 4 ივნისს.


”ეს წერილი იმ ადამიანმა დაწერა, რომელიც არ არის ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.  


დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან და ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ელექტრონულ წერილს ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს.


”გამოვრიცხავ, რომ ის ერაყში მყოფმა ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოაგზავნეს; ვიღაცა ან უბრალოდ ერთობა, ან ვიღაცას აქვს შეგნებული მიზანი, რომ ამით დისკრედიტაცია მოახდინოს ჩვენი კონტინგენტის მონაწილეობისა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში,”- განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ”ახალი მემარჯვენეებიდან”.


”ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ამ თემაზე ვიმსჯელოთ გაურკვეველი ამონიმური წერილების მიხედვით. იქ მყოფი ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათი სოციალური პირობები წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს,” – განაცხადა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ მმართველი პარტიიდან 4 ივნისს.


”ამ წერილს ვერ განვიხილავთ, როგორც სერიოზულს,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ 4 ივნისს.


ოპოზიციონერმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გამოაგზავნა ეს წერილი.


”მთავარი და არსებითი არის ის კითხვები და საკითხები, რომლებიც წერილშია მოცემული ,” – დასძინა მან.


გასულ თვეს რამდენიმე დეპუტატმა მიიღო ანონიმური წერილი, რომელიც თითქოსდა ერაყის ისლამური არმიის მიერ იყო გამოგზავნილი და რომელიც აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეგზავნა დამატებითი კონტინგენტი ერაყში.


მაშინაც ზოგიერთმა დეპუტატმა  ამ წერილს ”ხუმრობა” უწოდა, ხოლო სხვებმა განაცხადეს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ”რუსული სპეცსამსახურების  მიერ დაგეგმილი” კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version