ცხინვალმა ზნაურის მიმართულებით გზა გახსნა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ზნაურის რაიონის მიმართულებით გზა გაიხსნა, თუმცა ცხინვალი თამარაშენი-კეხვის მონაკვეთის გახსნას ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს, იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


დღესვე მოსკოვიდან თბილისში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარეს იური პოპოვს ელოდებიან, რომელიც ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ ცხინვალში გაემგზავრება, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს.


დაძაბულობა რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი 10 მაისს რეგიონის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად დანიშნა.


ამის საპასუხოდ, მეორე დღეს, ცხინვალის ხელისუფლების ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვის ბრძანება გასცა. კოკოითის განცხადებით, გზები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ქართული მხარე სანაკოევის ”მარიონეტულ მთავრობას” დაშლის.


12 მაისს კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ქართველი პოლიციელი და ცხინვალის ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიჭრნენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version