მწვანეთა პარტია ოფისიდან გამოაძევეს

ათობით პოლიციელმა საქართველოს მწვანეთა პარტია თბილისში, მუშთაიდის პარკში მდებარე ოფისიდან გამოაძევა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ გააუქმა პარტიასთან არსებული კონტრაქტი საოფისო ფართის იჯარით გაცემის თაობაზე.


”მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ ეს შეთანხმება გაეუქმებინათ… ეს არის ძარცვა,”- განაცხადა მწვანეთა პარტიის ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ.


საქართველოს მწვანეთა პარტიას, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაცია იყო 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისის მერიასთან 2014 წლამდე  ჰქონდა საიჯარო კონტრაქტი გაფორმებული.

8 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ევროპის მწვანეთა პარტიამ დაგმო თბილისის მერიის გადაწყვეტილება საქართველოს მწვანეთა პარტიის გამოსახლების თაობაზე.


”საქართველოს მწვანეთა პარტიას არ აუხსნეს სამართლებრივი მიზეზები, თუ რის გამო უნდა გამოესახლებინათ ისინი და ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაციის ფორმა,” – განაცხადა ევროპის მწვანეთა პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლამბერტსმა.


ევროპის მწვანეთა პარტიამ, რომელიც ევროპის ქვეყნების მწვანეთა პარტიების კოალიციაა და რომლის წევრიც საქართველოს მწვანეთა პარტიაც არის, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ”შეაჩეროს გადაწყვეტილება მწვანეთა ოფისიდან გამოსახლების თაობაზე”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version