მთავარი გამარჯვებები წინ არის – მიმართა პრეზიდენტმა არმიას

დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ”მრავალეთნიკურ” შეიარაღებულ ძალებს 16 წლის იუბილე მიულოცა და არმიის ძირითად ღირებულებებზე ესაუბრა.


”არნახული ტემპებით მიმდინარეობს გაუმჯობესება და მოდერნიზაცია ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის, ჩვენი პროფესიული მომზადების, ჩვენი აღჭურვის,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, უახლოეს მომავალში 1000 ახალი უმცროსი ოფიცერი იმსახურებს შეიარაღებულ ძალებში. 


”რეზერვისტთა რიგებში ათასობით ჩვენი ახალგაზრდა გადის მომზადებას… და მათ მომზადების მხრივ ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეს,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და მის ფაგლებს გარეთ სახელგანთქმულ მხედართმთავრებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ისტორიაში.


”ქართველებს სისხლში აქვს შეიარაღებულ ძალებში ყოფნა და გამარჯვება, დამარცხება ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგისაც კი… ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული შანსი, პატივი, პრივილეგია, რომ ვიყოთ ძლიერები თანამედროვე ჯარში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.  


მან ხაზი გაუსვა იმის საჭიროებას, რომ ქართული არმია სრულად იყოს დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რადგან ”იმარჯვებს არა ის ვისაც მეტი ფიზიკური ძალა აქვს, არამედ ის, ვინც მოწინააღმდეგეზე მეტად არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში”.  


”მეორე ჩვენი ძალა არის ის, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვფლობდეთ ინიციატივას. არასოდეს  მოწინააღმდეგემ არ უნდა მოგვახვიოს თავს თამაშის წესები, მათი გეგმა, ჩვენ არასდროს არ უნდა ჩავჯდეთ მათ ვადებში, მათ ტაქტიკურ გათვლებში და სტრატეგიაში. ყოველ მათ ნაბიჯს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ათი ნაბიჯით… და მაშინ ყველაზე მცირერიცხოვანი ჯარიც კი შეძლებს უპირატესობის მოპოვებას,”- განაცხადა სააკაშვილმა. 


მისი თქმით, ქართული არმიის კიდევ ერთი სიძლიერე მისი მრავალეთნიკურობა და კონსოლიდირებულობაა.


”ჩვენ, როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს,  პირად ამბიციებს არასოდეს არ დავაყენებთ ეროვნულ ინტერესებზე ზემოთ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როცა  ცდილობენ საქართველოს შეუქმნან პრობლემები,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


”ვინ არის დღეს საქართველოს მოწინააღმდეგე? საქართველოს მოწინააღმდეგე არ არის არცერთი ეთნიკური ჯგუფი, არცერთი ჩვენი მოქალაქე… ჩვენი მოწინააღმდეგე არის ყველა, ვინც ხელს აღმართავს საქართველოს მთლიანობაზე, ჩვენი ხალხის და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა, მათი მოქალაქეობისა, რიცხოვნობისა და სიძლიერისა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვით კურსს.


”საქართველოს შეიარაღებული ძალის ფუნქცია არის არა ვინმეზე თავდასხმა და სადმე არეულობის შეტანა, არამედ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ საზღვრებს შიგნით თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა და მათი შვილების მომავლის უზრუნველყოფა,”- მიმართა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს. 


”ჩვენი მთავარი გამარჯვებები, წარმატებები, ჩვენი უნიკალური როლი მრავალსაუკუნოვან მომავლის ისტორიაში, ჩვენ გვაქვს წინ,”- დასძინა მან.               

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version