ევროკავშირი საქართველოს ენერგოტრანზიტის პოტენციალით დაინტერესებულია

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროკავშირის სურვილში გაზარდოს ენერგომატარებლების იმპორტის მოცულობა ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან, იტყობინება 30 აპრილს რადიო ”თავისუფლება” ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის ანდრის პიბალგსის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 


“ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩემი და [ბეჟუაშვილის] ყურადღების ცენტრში ტრანს-კასპიური მარშრუტია… ჩვენ ტრანს-კასპიური ენერგომოწოდების მარშრუტების მიზანშეწონილობას ვსწავლობთ. ამრიგად, ეს პირდაპირ არ ეხება საქართველოს, მაგრამ არაპირდაპირ, გარკვეულწილად, უზარმაზარი ურთიერთკავშირი არსებობს. თუ ბაქოს გავლით მეტი ენერგომატარებლები გაივლის, ჩვენ დაგვჭირდება, რომ საქართველომ გამტარუნარიანობა აამაღლოს,” – განაცხადა ევროკომისარმა.


მისი თქმით, თბილისი აპირებს განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.


”ეს არის კიდევ ერთი ხაზი, რომელიც საშუალებას მისცემს ევროპას ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთ მიმწოდებელზე. ეს ევროკავშირის სერიოზული ინტერესია და ამ ინტერესში საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს,”- განაცხადა თავის მხრივ გელა ბეჟუაშვილმა.  


ანდრის პიბალგსის ინფორმაციით, ამჟამად ევროპა საჭირო ნავთობის 28%, ხოლო გაზის 29%-ს რუსეთიდან იღებს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version