თბილისი ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციას ცალმხრივად გააგრძელებს

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში გააგრძელოს ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის ცალმხრივი ზომების მიღება, რაც ძირითადად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილი საფორტიფიკაციო ნაგებობების განადგურებას მოიცავს, იუწყება 27 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამის შესახებ ქართულმა მხარემ ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


”ეუთოს მისიის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ ეს უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია და სამწუხაროა, რომ ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლების ამგვარ ქმედებას შესაბამისი კონსტრუქციული შემხვედრი ნაბიჯებით არ პასუხობს. ეუთოს მისიის მოვალეობაში შედის რეგიონში ასეთ პროცესებზე დაკვირვება და ისინი ამას დაუყოვნებლივ გააკეთებენ,”- აცხადებს საგარეო უწყება თავის საინფორმაციო შეტყობინებაში.


მხარეებმა ასევე განიხილეს ეუთოს დონორთა პროგრამის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმდინარეობის საკითხები და საზღვრის დაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version