თბილისი უკრაინაში კრიზისის სამართლებრივი მოგვარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიდა საქმეა, თუმცა მოუწოდებს უკრაინის ხელმძღვანელობას პრობლემა სამართლებრივ ჩარჩოში გადაწყვიტოს.


”ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ უკრაინა განვითარდეს სტაბილურად. ბუნებრივია, რომ შიდა პოლიტიკური პროცესები არის უკრაინის შიდა საქმე, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. თუმცა ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებთ იმისაკენ, რომ ყველაფერი გადაწყდეს სამართლებრივი სივრცის ფარგლებში და რაც მთავარია შენარჩუნდეს კურსი დემოკრატიაზე, რომელიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინულმა საზოგადოებამ აირჩია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბეჟუაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.


გელა ბეჟუაშვილი 30-31 მარტს ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა უკრაინას, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა.


უკრაინაში სახელისუფლებო კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც 2 აპრილს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საკანონმდებლო ორგანოს  – რადას -დათხოვნის შესახებ  მიიღო გადაწყვეტილება და ხელახალი არჩევნები 27 მაისს დანიშნა. მისმა ტრადიციულმა ოპონენტმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომლის პარტია რადას უმრავლესობაშია,  პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დაგმო, რადამ კი მუშაობა 3 აპრილს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.


სახელისუფლებო კრიზისის პარალელურად გამოსვლები დაიწყო კიევის ქუჩებში. ცალ-ცალკე აქციებს მართავენ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები. 


კიევში იმყოფება ასევე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელმაც  დღეს ”რუსთავი 2”-ს პირდაპირ სატელეფონო ჩართვის დროს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული და რადა ფუნქციონირებას ”არალეგიტიმურად” აგრძელებს.


”მე ვფიქრობ, რეალურად ყველაფერი არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების შემდგომი ქმედებებით გამაგრებაზე და ნების ურყეობაზე, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისი, რომ პრეზიდენტმა [ვიქტორ იუშჩენკომ] უკან დაიხიოს და შესაბამისად, თავისი გუშინდელი გადაწყვეტილება უნდა გაატაროს ცხოვრებაში,” – განაცხადა გივი თარგამაძემ.


თარგამაძემ შეცდომა უწოდა იანუკოვიჩის მმართველი ძალის მხრიდან ქუჩის აქციებში მონაწილეობას, რომელიც მისი თქმით, ”საკმაოდ მცირერიცხოვანია”.


”გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა ქუჩის აქციების გააჩნია [პრეზიდენტის მხარდამჭერ ე.წ ”ნარინჯისფერ”] ოპოზიციას, რასაც ალბათ დღეს უკვე ეს ხალხის დაამტკიცებს,”- დასძინა თარგამაძემ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში 2004 წლის ”ნარინჯისფერ რევოლუციაში”.


მისი პროგნოზით, იანუკოვიჩის პარტია ”რეგიონები” რადას მომავალ არჩევნებში, განსხვავებით 2006 წლის 26 მარტის არჩევნებისაგან, დამარცხდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version