დეპუტატი ნიკა გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან ნიკა გვარამია დღეს გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ”სივილ ჯორჯია” გენერალურ პროკურატურაში აცნობეს.


ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე თვის წინ გვარამიას წინამორბედი, ნონა წოწორია სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.


ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში ეკონომიკურ, საკადრო და სამართლებრივ, ასევე უკანონო შემოსავლების საქმეების დეპარტამენტებს გაუწვეს კურირებას.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, გვარამიას დანიშვნა შესაძლოა უკავშირდებოდეს მთავრობაში მოსალოდნელ მორიგ საკადრო გადაადგილებებს, რომლის მიხედვითაც გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა შესაძლოა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.


”ეს შესაძლოა გახდეს მორიგი საკადრო კარუსელის დასაწყისი. მე არა მგონია, რომ გვარამია იქ დარჩეს დიდხანს. სავარაუდოდ ის შეცვლის ალბათ ადეიშვილს, რომელიც რუხ კარდინალად გადაიქცა და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს და აშავებს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამის თაობაზე არავინ ლაპარაკობს”, – განაცხადა დღეს ოპოზიციური ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.


მისი თქმით, შესაძლოა გვარამიამ პროკურატურის სპიკერის ფუნქცია იტვირთოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version