ანთაძე: ცხინვალის რეგიონში პროვოკაციებს არ ავყვებით

თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 25 მარტს მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას, რომელსაც ორი ქართველი სამართალდამცავის სიცოცხლე შეეწირა, ცხინვალის რეჟიმს და დე ფაქტო ხელისუფლებაში შემავალ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს უკავშირებს, თუმცა აცხადებს, რომ არ აჰყვება ამ ”მიზანმიმართულ პროვოკაციებს” და გააგრძელებს სამშვიდობო პროცესს.


ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ განაცხადა.


”ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოსურ მხარეს გონს მოეგოს, რადგან ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ამავე დროს ქართული მხარე არ აჰყვება პროვოკაციას და გააგრძელებს სამშვიდობო პროცესს”, – აღნიშნა მან.


ანთაძის ინფორმაციით, გუშინ ”ძალიან პრინციპული საუბარი” შედგა საქართველოში ეუთო მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან, ”რომელსაც მოვთხოვეთ სასწრაფოდ გააკეთოს შეფასება… ჩვენ ველოდებით მონიტორინგის მისიის შეფასებებს”, რომელიც 25 მარტის ინციდენტის ადგილზე ჩატარდა.


სახელმწიფო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ძალაში რჩება 21-22 მარტს სტამბოლში შერეული საკონტროლო კომისიის არაფორმალური შეხვედრაზე ქართული მხარის შეთავაზება შსკ-ს პლენარული შეხვედრის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით, ”მიუხედავად იმისა, რომ შსკ ფორმატი არაეფექტურია”.


”ასევე ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია ძირითადი ელემენტების განხორციელება: [კონფლიქტის ზონაში] დემილიტარიზაცია და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება, რაც უშუალოდ არის ე.წ შერეული სამშვიდობო ძალების პრეროგატივა და რომლის გამოც ხდება რეგიონში ასეთი დესტაბილიზაცია”, – განაცხადა ანთაძემ.


მისი თქმით, ოსური მხარისაგან არის უარყოფითი პასუხი, მოსკოვი კი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს რეაგირებისაგან იმ მემორანდუმზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის საფუძველზე მოამზადა და გადასცა ქართულმა მხარემ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილე მხარეებს.


”საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ინტერესითა და დადებითი შეფასებით შეხვდა ამ მემორანდუმს… ხოლო სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობისკენ მოძრაობის ლიდერი დიმიტრი სანაკოევი დადებითად აფასებს და მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება ყველა მხარესთან საბოლოო სამშვიდობო პროცესის მოგვარებისთვის”, – აღნიშნა ანთაძემ.


”აი ამ ფონზე ხდება ასეთი ქმედებები[25 მარტის ინციდენტი], რომელიც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ცხინვალის რეჟიმი განწყობილია არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, არამედ სამხედრო ესკალაციაზე”, – დასძენს სახელმწიფო მინისტრი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version