ლავროვი: კოსოვოს ირგვლივ ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეცედენტს შექმნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 მარტს განაცხადა, რომ კოსოვოს საკითხის ნებისმიერი მოგვარება შექმნის პრეცედენტს, თუმცა აქვე დასძინა, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტები პირდაპირ კავშირში არ არის ამ საკითხთან.


”ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ კოსოვოს პრობლემის ირგვლივ ნებისმიერი გადაწყვეტილება შექმნის პრეცედენტს. საუბარია იმაზე, რომ დამოუკიდებლობას მიიღებს არა ყოფილი საკავშირო ქვეყნის შემადგენელი ნაწილი, როგორც ეს მოხდა ჩეხოსლოვაკიაში, საბჭოთა კავშირში. ამ სიტუაციის გადმოტანა აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთზე, ვიმეორებ , რომ აქ არ არის რაიმე კავშირი. და ჩვენ არ ველოდებით ხელების ფშვნეტით, რომ ახლა კოსოვოს ჩამოაჭრიან სერბეთს და ჩვენ იგივეს გავაკეთებთ ამ რესპუბლიკების მიმართ. ეს სრულებითაც არ არის ასე და ეს არასწორი პოზიცია იქნებოდა”, – განაცხადა ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.


”ჩვენ მიზანმიმართული ვართ ამ რესპუბლიკებთან მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისკენ, იქ ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მათ სოციალურ პრობლემებზე იმიტომ, რომ არავინ ჩვენ გარდა ამაზე არ მუშაობდა და არც მუშაობს”, – დასძინა ლავროვმა. 


მისი თქმით, რუსეთს აქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც აყენებს ამ კონფლიქტების მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებზე. ”გვაქვს კონკრეტული წინადადებები, როგორც უზრუნველყოთ უსაფრთხოება ამ რეგიონში”, – დასძენს ლავროვი. 


მან ასევე ისაუბრა თბილისთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ასახავს ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.


”რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან და საქართველოს ხელმძღვანელობასთან  – ეს სხვადასხვა რამაა. საქართველოს ხელისუფლება ვერ ასახავს განწყობას, რომელიც დომინირებს ქართულ საზოგადოებაში”, – იუწყება ”ინტერფაქსი” 21 მარტს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version